ძალიან რაჭული ღვინის დეგუსტაცია "ნაბერაულში"

12 ივლისს რაჭაში სოფელ სადმელში ნაბერაულის ღვინის სივრცემ სომელიეებს უმასპინძლა, სადაც ჩატარდა ახალი, 2022 წლის მოსავლის ღვინის წარდგენა და პროფესიონალური დეგუსტაცია. 

"ჩვენთვის, ნაბერაულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტური ადამიანების რეკომენდაციების მოსმენა და რა თქმა უნდა შემდგომში მათი გათვალისწინება, სწორედ ამიტომ მანამ სანამ, საბოლოო მომხმარებლამდე მივა ნაბერაულის ყოველი ახალი მოსავლის ღვინო, პირველი ადამიანები ვინც ჩვენს პროდუქციას სინჯავენ და აფასებენ არიან სომელიეები, ეს ყოველთვის ასე იყო და იქნება. ვფიქრობთ სწორ გზაზე ვდგავართ და მიმაჩნია, რომ ერთობლივი ჩართულობით ბევრ სასიკეთო შედეგს ვაჩვენებთ. 

აქვე, მთელი გუნდის სახელით მადლობას ვუხდი თითოეულ სომელიეს, ვინც მოახერხა ან და ვერ მოახერხე დეგუსტაციაზე დასწრება, გადაჭარბების გარეშე, რომ ვთქვათ ეს ადამიანები არიან ქართული ღვინის ელჩები, ამიტომაც ჩვენი და ზოგადად დარგის სწორი განვითარება მათი ჩართულობის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია" - გოგი ენუქიძე, ნაბერაულის დამფუძნებელი. 

2022 წლის მოსავლის ღვინის დეგუსტაციაზე 9 სახეობის ღვინო გაისინჯა, აქედან განსაკუთრებული პოზიტიური უკუკავშირი წითელ მშრალ ღვინოებმა და ლეჩხუმურმა როზემ დაიმსახურა. 

ნაბერაულის 2022 წლის ლეჩხუმური როზე, განსაკუთრებულია როგორც ვიზუალის ასევე, ყურძნის ჯიშების ნაწილში, ეს ღვინო უსახელოურისა და ცოლიკოურის სეპაჟის იდეალური შედეგია, რომელიც შესანიშნავად ეხამება ზაფხულის თავგადასავლებს. 

ნაბერაული ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს, გუნდის მთავარი მისია, მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმის განსაკუთრებული ხასიათის ღვინის წარმოებაა. 

ნაებრაულის წლიური წარმოება არაუმეტეს 40 000 ბოთლია, სადაც წარმოდგენილია როგორც, ტრადიციული ქვევრის, ასევე კლასიკური ენოლოგიური პრაქტიკით დაყენებული ღვინის 10 სხვადასხვა სახეობა, რომელიც რეალიზდება საქართველოსა და მსოფლიოს მნიშვნელოვან ღვინის ბაზრებზე. 


I BUILT MY SITE FOR FREE USING