ვაზის სასიცოცხლო ციკლი, მისი აღმოცენებიდან სიბერემდე მოიცავს მრავალ ფიზიოლოგიურ თუ მეტაბოლიტურ ცვლილებას. აღნიშნული ცვლილებები მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ ფაქტორებიდან ზოგი ბიოტურია, ანუ ცოცხალი წარმოშობის, ნაწილი კი-აბიოტური ,შესაბამისად არაცოცხალი. აბიოტური ფაქტორებიდან აღსანიშნავია სინათლე, ტემპერატურა, სეზონების ცვლილება.
თუ მოვიშველიებთ ლექსიკონს ერთი საინტერესო სიტყვის განმარტებას ვნახავთ: „ფენოლოგია [ბერძ. phainō ვუჩვენებ და logos მოძღვრება] - ბიოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს მცენარეთა და ცხოველთა სიცოცხლის პერიოდულ მოვლენებს“.
აქ კი ვხვდებით, რომ არც ვაზია გამონაკლისი და მისი ფენოლოგიური განვითარება მრავალ საინტერესო პროცესს მოიცავს, აღმოცენებიდან-სიბერემდე, ყოველწლიურად. მევენახეები ფენოლოგიაზე და მცენარის ცვლილებზე დაკვირვებით ცდილობენ გაიგონ, თუ რა სჭირდება მცენარეს, რომ შესაბამისად მოიქცნენ.
ფენოლოგიური საფეხურები სხვადასხვა მკვლევრის მიერ განსხვავებულადაა წარმოდგენილი, ზოგიერთ შემთხვევაში მოიცავს 1-5, 1-7 საფეხურს, ხან კი მეტად დეტალურიცაა. მევენახეობაში ყველაზე ხშირად გამოყენებული შკალა, შემდეგი საფეხურებისგან შედგება:
რთველის შემდგომ კი იწყება ვაზის ცხოვრებაში შედარებით მშვიდი, მოსვენების პერიოდი, რომლის დროსაც ვაზში სასიცოცხლო პროცესები შენელებულია და მცენარე ახალი გაზაფხულისთვის ემზადება. როგორც აღვნიშნე, მევენახეები ფენოლოგიური ფაზების შესაბამისად, სხვადასხვა აგროპროცესებს მიმართავენ. სწორედ მოსვენების პერიოდში კი, მათ წინაშე ვაზის სხვლა-ფორმირების ამოცანა დგება გადასაჭრელი.
რას მოიცავს ეს ორი ტერმინი და რატომაა ისინი ასე მნიშვნელოვანი?
ვაზის ფორმირება, გულისხმობს მცენარისთვის გარკვეული ფორმის მიცემას, მისი ნაწილების სივრცეში დაჯგუფებას ისე, რომ მცენარემ სინათლე ოპტიმალურად მიიღოს. გარდა ამისა მწვანე მასაში მოხდეს უკეთესი აერაცია, შემცირდეს სოკოვანი დაავადებების რისკი და ვენახის მენეჯმენტი გამარტივდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ვაზის გაკულტურებასთანე ერთად, მისი ფორმირების აუცილებლობაც დადგა.
ვაზის ფორმირების მრავალი სახე არსებობს, რომელთა შერჩევაც ვაზის ბიოლოგიური მახასიათებლების, კლიმატური ფაქტორების თუ ნიადაგის ტიპიდან გამომდინარე ხდება. ფორმირებიდან ჩვენთვის ნაცნობია ცალმხრივი ან ორმხრივი გუიო, კორდონი, პერგოლა და სხვა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ისიც, რომ გარდა ფორმის შერჩევისა, აუცილებელია გავითვალისწინოთ ვარჯის სიმაღლეც, რომელიც დაბალ, სტანდარტულ და მაღალ ტიპებად იყოფა.
რაც შეეხება სხვლას, სხვლა თავის მხრივ გულისხმობს ვაზის გარკვეული ნაწილების მოშორებას, მოჭრას. ეს მევენახეს ეხმარება მისი ფორმის და ზომის კონტროლისთვის. მოგეხსენებათ, ვაზი ჰელიოფილი ანუ მზის მოყვარული მცენარება, ბუნებრივ გარემოში მყოფი ველური ვაზი (Vitis vinifera sylvestris) კი სულ ზევით ანუ მზისკენ მიიწევს. სწორედ ამიტომ, მევენახეს უწევს ვაზის ზრდის კონტროლი. გარდა ამისა, სხვლის შედეგად დატოვებული კვირტები, გვაძლევენ საშუალებას განვსაზღვროთ მომავალი წლის მოსავალი, ვინადან მოსავლიანი ყლორტების რაოდენობა, სწორედ რომ სხვლის დროს დატოვებულ კვირტების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ კი, დატოვებული კვირტების რაოდენობის ცვლილება წლიდან-წლამდე ხდება, ვინაიდან ვიპოვოთ ის ბალანსი, რომელიც ვაზის რეპროდუქციულ და ხარისხობრივ პოტენციალს გაათანაბრებს.
სხვლის დროს აუცილებელია ჯიშის ბიოლოგიური თავისებურების გათვალისწინება, რაც გულისხმობს იმას, რომ ზოგიერთ ჯიშს რქის ბაზალური კვირტები არ უვითარდება, უნაყოფოა, ამიტომ მათთვის 2-3 კვირტის დატოვება (მოკლე სხვლა) ვაზს უნაყოფოდ დატოვებს, შესაბამისად, მათზე გრძელ სხვლას ვიყენებთ. ზოგიერთი ჯიში კი ბაზალური კვირტების ფერტილობით ანუ ნაყოფიერებით გამოირჩევა, ამიტომ მათთვის მოკლე სხვლაც სავსებით მისაღებია.
ვინაიდან ვახსენეთ მოკლე და გრძელი სხვლა, მნიშვნელოვანია ვახსენოთ ისიც, რომ ზოგჯერ მოკლე სხვლას ნეკით სხვლასაც უწოდებენ (კორდონი ასე მიიღება), ხოლო გრძელ სხვლას კი რქით სხვლას (გუიო ასე მიიღება). ახლა კი გადავიდეთ მთავარზე, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სხვლის პროცესის დროს:
1. კვლევები ადასტურებს, რომ უმჯობესია სხვა მშრალ ამინდში შესრულდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ სოკოს სპორების გადატანა ამ დროს შემცირებულია. ტენიანი, სველი ამინდის პირობებში ვაზის სხვადასხვა ნაწილებიდან ახალ ჭრილობებზე სოკოს სპორების გადატანა გამარტივებულია, რაც მცენარეთა დაინფიცირების რისკს ზრდის.
2. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სხვლა ქირურგიული ოპერაციაა, შესაბამისად სეკატორი ანუ სხვლის მთავარი იარაღი ხშირად უნდა გავასტერილოთ. სადეზინფექციოდ სპირტიც საკმარისია, რაც შეამცირებს ერთი ვაზიდან მეორეზე სხვადსხვა დაავადების გადატანას. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ.
3. სხვლის დროს მიყენებული ჭრილობა, ჭრილობაა, შესაბამისად ის მცენარეზე დელიკატურად უნდა შესრულდეს. სეკატორი უნდა იყოს ბასრი, რათა ჭრილობას განმეორება არ დასჭირდეს. გარდა ამისა, ჭრილობა არ უნდა იყოს დახრილი კვირტისკენ, რათა წვენთა დინების დაწყების დროს კვირტისკენ წვეთების სვლა ავირიდოთ.
4. ჭრილობა არ უნდა მივაყენოთ ვაზს კვირტთან ახლოს. ჭრილობა ვინაიდან ღია რჩება, ის ნელ-ნელა ხმება. კვირტთან ახლოს მყოფი გადანაჭერი კი შრობის დროს, კვირტსაც დააზიანებს.
5. ჭრილობების მიყენება ვაზის ზრდასრულ ნაწილებზე ( 3 და მეტი წლის ნაწილები, ვარჯი) იწვევს ჩახმობის კონების გაჩენას, რაც თავის მხრივ აზიანებს ქსილემას და ფლოემას. ქსილემა და ფლოემა არიან მცენარის ვასკულაური კონები, მათ იგივე ფუნქცია აქვთ, რაც ადამიანში-ვენებსა და არტერიებს. ჩახმობის შედეგად კი, ქსილემა და ფლოემა ფუნქციას კარგავენ, ვეღარ ახდენენ საკვები ნივთიერებებისა და წყლის ოპტიმალურ გადატანას, რის შემდგომაც მცენარის განვითარება და მოსავლიანობა ფერხდება.
6. თუ მაინც მოგვიწებს დიდი გარშემოწერილობის ჭრილობის მიყენება ან მრავალწლოვანი ნაწილის დაზიანება, ჭრილობა შესაბამისი მალამოთი უნდა დაიხუროს. ამით მისი ჩახმობა და პათოგენების შეღწევა შემცირდება. მალამოს იგივე ფუნქცია აქვს, რაც ადამიანის გაჭრილი თითისთვის ექნებოდა-დამცველობითი.
7. სხვლის დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ ვაზის დატვირთვა. არ შეიძლება, რომ ძლიერმოსავლიანი ვაზი მცირე რაოდენობის კვირტით დაიტვირთოს, არც ის, რომ სუსტი ვაზი ზედმეტად გადავღალოთ. შესაბამისად, ჩანაწერების, რავაზის ინდექსისას თუ სხვა დეტალების გათვალისწინებით, უნდა ვეცადოთ ვაზის ბალანსირებულ სხვლას.
რაც ყველაზე მთავარია, სხვლის დროს ერთი მცენარიდან მეორეზე გადადის სხვადასხვა დაავადებები, ვირუსული, ბაქტერიული, ფიტოპლაზმური თუ სოკოვანი წარმოშობის.
გსმენიათ ალბათ ესკას შესახებ. ესკა მსოფლიოს მევენახეობის ძირითად რეგიონებში აქტიურადაა გავრცელებული. იგი სამი სოკოს, Phaeomoniella chlamydospora, Phaeoacremonium aleophilum and Fomitiporia mediterreanea ერთობლივი შეტევის შედეგად ჩნდება ვაზში და მას შიგნიდან თუ გარედან აზიანებს. სიმტომები მრავალფეროვანია, მაგრამ ძირითადად ფოთლებზე გვხვდება „ვეფხვის ზოლების“ სახით, ასევე მარცვალზე, შავი წერტილებით, თითქოს მუქი ჭორფლიაო. საბოლოოდ ესკას ორივე ფორმა, ქრონიკული თუ უეცარი სიკვდილი (აპოპლექსია), იწვევს ვაზის დამბლას, რის შედეგადაც მცენარე ხმება. ესკა ცხელ თვეებში საკმაოდ აქტიურია და მისი ამოცნობაც მარტივია. მას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს, ერთ წელს ვაზი უმოსავლოა, თითქოს გახმა, მეორე წელს კი შეიძლება კვლავ გამოხატოს სიცოცხლის ნიშნები. ამის გამო მევენახეები გადაავადებენ ხოლმე მის ამოძირკვას, რის შედაგადაც დაინფიცირებული მცენარიდან სხვადსხვა გზით (სეკატორი, მწერი-ვექტორი) დაავადება მეზობელ ვაზებზეც ვრცელდება.
საინტერესოა ისიც, რომ ესკას სიმტომები ზოგჯერ განვითარების მე-7-მე-10 წელს ხდება ხილული, მანამდე კი ის ლატენტურად მიმდინარეობს ან ძლიერ სიმტომატიკას არ გამოხატავს. საბოლოოდ კი, ყოველ წელს ვაზში უფრო მეტ და რთულ პრობლემას იწვევს, რის შედეგადაც დაავადების კომპლექსად გარდაიქმნება. უნდა გვახსოვდეს, რომ ესკა უკურნებელი დაავადებაა და მასთან საბრძოლველად მხოლოდ ამოძირკვა გამოიყენება.
ესკას გარდა,ვარჯის დამზიანებლების ჯგუფს მრავალი დაავადება თუ პათოგენი მიეკუთვნება, როგორიცაა ეუტიპა, ბლექ გუ და სხვა. მათი პრევენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა კი ვაზის სხვლის დროს სეკატორების დეზინფექციაა. ამ მარტივი, ოდნავ შრომატევადი მოქმედებით, შევძლებთ, რომ ჩვენი ვენახი დიდხანს და ჯანმრთელად იყოს ჩვენს გვერდით, დაავადებების გარეშე.