ღვინის დამზადება კომპლექსური პროცესია. სასურველი შედეგის მისაღწევად ყოველი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. ბოთლის თაროზე დადებიდან კი ახალი ფაზა იწყება, სადაც ასევე არანაკლები შრომა სჭირდება იმას, რომ მომხმარებელმა შეგვნიშნოს. რას ნიშნავს მარკეტინგი და საიდან უდნა დავიწყოთ ბრენდის შენება, ამ თემაზე ბექა კოკაიას ვესაუბრეთ, რომელმაც თავისი გამოცდილება გაგვიზიარა, თუ როგორ მივიდა მარკეტინგული სტრატეგიიდან საკუთარ ღვინომდე.
T: რას ნიშნავს ღვინის მარკეტინგი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ღვინის კომპანიისთვის/მარნისთვის?
დედამიწაზე ვერცერთ პროდუქტს ვერ გაყიდი მარკეტინგის გარეშე. პროდუქტი, რომელიც არის კონკურენციაში ბაზარზე და ბევრი მწარმოებელი ჰყავს, მას მარკეტინგი სჭირდება აუცილებლად. კარგი ღვინო უკვე აღარ კმარა. ხარისხიან ღვინოშიც კი საკმაოდ მაღალი კონკურენციაა. მეორე კი შენი ღვინო, რომ კარგია რაღაცნაირად უნდა გაიგოს ადამიანმა, ამიტომ, საჭიროა მარკეტინგი, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს ბრენდს, რომელიც უნდა შექმნა.
T: რა უნიკალური გამოწვევები და შესაძლებლობებია ქართული ღვინის ინდუსტრიაში მარკეტინგის მიმართულებით?
პროგრესი გვაქვს, ჩემი აზრით უღელტეხილი გადავიარეთ, თუმცა ვისურვებდი უფრო მეტად დავაკვირდეთ და გავითვალისწინოთ ტრენდები. 10 წლის წინ ყველა ქართული ღვინის ეტიკეტი ჰგავდა ერთმანეთს. დღეს კი უკვე კრეატივს ვრთავთ. მე მგონია, რომ საბოლოო პროდუქტისთვის თანაბარი წილი აქვს ვენახს, ღვინოს და მარკეტინგს. ღვინო ძალიან სხვა ტიპის პროდუქტია და სულ სხვა ტიპის კონკურენციაა. ხშირად მარკეტერი აკეთებს კონკრეტული პროდუქტის მარკეტინგს და საბაზისოდ შეისწავლის მის შესახებ ინფორმაციას და ის არის საკმარისი. ღვინოში ეგრე არ არის. აქ თუ კარგად არ ერკვევი, ვერ გააკეთებ ღვინის მარკეტინგს. მეღვინეობაც უნდა იცოდე მინიმუმ რაღაც დოზით. ხშირად მარკეტინგულ შესაძლებლობას გაძლევს თვითონ პროდუქტი. პროდუქტი გაძლევს საშუალებას, რომ კრიზისი გამოიყენო საშენოდ კარგად. დღეს ნამდვილად დიდი არჩევანია ღვინის და ძალიან მიხარია. არსებობდა ხალხი, რომელიც საერთოდ ვერ ხვდებოდა ბოთლში რატომ უნდა ჩაგესხა ღვინო. ასე, რომ აქედან აქ, რომ მოვედით უკვე ძალიან მაგარია. მთავარი უნდა ვიცოდეთ, რომ ღვინოს ყიდის ისტორია.
T: რა როლს თამაშობს ფასების სტრატეგია ღვინის მარკეტინგში და რომელი ფასების მიდგომა გამოიყენება ღვინის მარნების მიერ?
ფასთა წარმოქმნა სხვა ყველა პროდუქტთან შედარებით, ღვინოზე სპეციფიკურად ხდება. თეორიულად ყველაზე მთავარი რაც არის, რომ დანახარჯების 100% უნდა იყოს მოგება. ღვინო არ არის პირველადი მოხმარების საგანი, რომ ვიღაცამ გაგაკრიტიკოს. მეღვინე ვინც ღვინოს ესე ამზადებს ესე აფასებს და ეს ფასი უღირს. ფასთა წარმოქმნა არის ძალიან სუბიექტური და ყველას აქვს უფლება დაადოს ის ფასი, რაც უღირს იმ ღვინოში. ჩვენ შეიძლება ერთი და იგივე ჯიში ვნახოთ სხვადასხვა საფასო სეგმენტში, ვითომდა ხომ ერთი და იგივე ჯიშია, თუმცა რეალურად დეტალურად ძალიან განსხვავდება. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსები, რაც მეტი შრომა დევს ბოთლში, მით უფრო ეტყობა ეს ღვინოს.
T: ამბავი მშვიდი ღვინისა ...
ჩემ შემთხვევაში პირიქით მოხდა, ჯერ ბრენდ ბუქი გავაკეთე და მერე ღვინო. ზოგადად ძალიან მიყვარს ღვინის კულტურა. 2019 წელს თითქმის ყველა მარანს ერთნაირი ეტიკეტი ჰქონდა და გადავწყვიტე, რომ მიმზიდველი ეტიკეტი შემექმნა. ბოლო სერიაში რა მოხდებოდა გადაწყვეტილი არ მქონდა. ფოკუს ჯგუფი კი ჩემი სამეგობრო იყო. მივედი იქამდე, რომ მშვიდი ძალიან საინტერესო სახელია, კარგი ალკოჰოლური სასმელი კარგ განწყობაზე გაყენებს, ოღონდ მშვიდად. მ7 შემთხვევით წერის დროს აღმოვაჩინე, სლოგანმა კი აბსოლუტურად სხვა გარემოში გამიელვა - მშვიდი ღვინო სიყვარულისთივს და ძალიან მომეწონა. მერე მქონდა დილემა ან რომელიმე მეღვინეობისთვის უნდა მიმეყიდა, როგორც ბრენდ ბუქი ან მე უნდა ჩამომესხა ღვინო. სხვისთვის დამენანა, უკვე შვილივით მიყვარდა ეს ბრენდი და დავიწყე მეღვინის მოძებნა. თემურ ბერიანიძე კი მაშინ ვიპოვე, როცა ხელის ჩაქნევის ზღვარზე ვიყავი. ჩემი და თემურის კოლაბორაცია წარმატებულად შედგა და დღესაც ვაგრძელებთ ახალ მასშტაბებზე გასვლას.
T: მშვიდი ღვინის სამომავლო გეგმები:
ამ მომენტში 6 პოზიცია გვაქვს: 2 ევროპული და 4 ქართული. უახლოეს მომავალში კიდევ ერთ სახეობას დავამატებ, მეუბნებიან წითელი ღვინოები დაჩაგრეო და აქ სუბიექტური ამბავია, მე მიყვარს თეთრი ღვინო. სახეობებს 7ზე დავამრგვალებთ და აქ შევჩერდებით ცოტა ხანი. ცხადია ჩვენი მიზანია გაფართოება დედამიწის ზურგზე, ამჟამად 6 ქვეყანაში ვართ და კიდევ ოთხ ქვეყანას ვამატებთ. მშვიდი ღვინო 26 მაისს 3 წლის გახდა. ღვინო, რომ ჩამოვასხი პანდემია დაიწყო. ბევრი ვინერვიულე, თუმცა მიხარია, რომ ხელი არ ჩავიქნიე და პანდემია, რომელმაც თავიდან შემაშინა გამოვიყენე შესაძლებლობად. მგონია, რომ კარგი მარკეტერი კრიზისს შესაძლებლობად გადააქცევს.