"დორემი" 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტოპ 100 ღვინოში დასახელდა

 „დო რე მი“ ამერიკული გამომცემლობის მიერ 2023 წლის 100 საუკეთესო ღვინოში დასახელდა. ამერიკული გამომცემლობის ისტორიაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ღვინო საუკეთესოთა შორის საუკეთესოს სიაში მოხვდა. 

დო რე მი 2014 წელს შექმნილი კომპანიაა, რომელიც ორი ბავშვობის მეგობრის მიერ არის დაარსებული. თავდაპირველი იდეა, რომ ღვინის ენთუზიასტებს სტაბილურად შესთავაზონ ჯანსაღი ბუნებრივი ღვინო, ყოველ წელს ასრულებენ და მეტიც ყოველწლიურად ცდილობენ ხარისხი გააუმჯობესონ. 

მეღვინეობა „დო რე მი“ ჯერ კიდევ მაშინ არის დაფუძნებული, როცა კრეატივი და ბრენდინგი ქართულ მეღვინეობაში ცოტა შორს იყო. შესაბამისად პირველი ასოციაცია ყველას ჰქონდა, რომ მეღვინეები მომღერლები იყვნენ. სიმართლე კი ის იყო, რომ უნდოდათ შაბლონებიდან გამოსულიყვნენ და მომხმარებლებისთვის რაიმე ადვილად დასამახსოვრებელი შეეთავაზებინათ. თან ხომ გემრიელ ღვინოს, კარგი სიმღერაც მოჰყვება. დო რე მის გარეშე კი არც ერთი სიმღერა არ არის - „ნებისმიერი ნოტი, რომ სხვანაირად დაუკრა ან წარმოთქვა დო რე მი აღარ გამოდის, რაღაცნაირად ვერც დორემის ვერ შეცვლი და ვერც ღვინოს“ - ირაკლი დავითაია. 

ვენახები საკუთარი აქვთ, რომელიც ახმეტის რაიონში, სოფელ ოჟიოში მდებარეობს და 2021 წლიდან კახური მწვანის მიკროზონაში შედის. „დო რე მი“ 100-ზე მეტ მეღვინეობასთან ერთად ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრია და თვლიან, რომ „დო რე მის“ ღვინო, საოცრად ეხამება ცხიმიან კერძებს. 

მეღვინეობა დღეს კახეთის, ქართლის და იმერეთის 10-ზე მეტი დასახელების ღვინოს მოიცავს, რომელსაც მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში ნახავთ. განსაკუთრებით მოტივაციის მიმცემია, ღვინის ენთუზიასტების მიერ გაზიარებული ისტორიები და ემოციები მათ ღვინოზე. 

სჯერათ, რომ ქართულმა ღვინომ ქართველობა არ უნდა დაკარგოს და სახელი სწორედ ქვევრის, ჭაჭაზე დაყენებული ღვინით უნდა გავითქვათ, რაც მსოფლიოსთვის უცხო და განსხვავებულია -„ქართულ ღვინოს აქვს ის ემოცია, რასაც კარგ ხასიათზე მოჰყავხარ, სიმღერას განდომებს. ღვინო ერთმანეთის ისტორიების გაზიარების, კარგ ხასიათზე ყოფნის და კარგი დამოკიდებულების მომტანია.“  

„ქართული მეღვინეობა დღეს ბევრად უფრო წინ არის ვიდრე ის იყო აქამდე. კი, ყველას პაპა აუცილებლად კარგ ღვინოს აყენებდა, თუმცა დღეს დახვეწა და განვითარება აუცილებლად გვჭირდება“ - ირაკლი დავითაია. 

მიზანი ქართული ღვინის მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გვერდით ყოფნაა, რაც ნაწილობრივ შეასრულეს - „დო რე მი“ ამერიკული გამომცემლობის მიერ 2023 წლის 100 საუკეთესო ღვინოში დასახელდა.  

I BUILT MY SITE FOR FREE USING