მოსავალი პირველი - მზარდი მეღვინეობაა, რომლის გარშემოც გაერთიანებული არის ოთხი მეგობარი: ლაშა ბედენაშვილი, ნიკა ხოკრიშვილი, ერეკლე პაიჭაძე და ნიკა ჯიბლაძე. მათი თავდაპირველი მიზანი - ადგილობრივი ბაზრის ათვისება და ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზება შესრულებულია, ახალი მიზანი კი მასშტაბის და ასორტიმენტის გაფართოებაა. საკუთარი პროდუქციის განვითარების პარალელურად კი კომპანია დამწყებ მეღვინეებს სთავაზობს ისეთ საკითხებში დახმარებას, როგორიც არის ტექნოლოგიური პროცესი, ეტიკეტირება თუ ობიექტზე შესვლა.
T: როგორ დაიწყეთ თავიდან, რამ მოგცათ „მოსავალი პირველის“ დაარსების ინსპირაცია?
პირველად ღვინის დაყენება მე და ლაშამ 2020 წელს გადავწყვიტეთ. ამ პერიოდში ორივე აგრარულ უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტები ვიყავით და ვიფიქრეთ, რომ ჩვენი თავები თეორიული ცოდნის გასამტკიცებლად პრაქტიკაში გამოგვეცადა. ყურძენი ჩემი ვენახებიდან შევარჩიეთ, რომელიც ქართლში ლამისყანაში მდებარეობს. მასშტაბებიდან გამომდინარე 1400 ბოთლი მივიღეთ და საკმაოდ კარგი შეფასებები მოჰყვა მომხმარებლის მხრიდან. რამდენიმე თვეში მარაგის ამოწურვით მივხვდით, რომ რაღაც საინტერესო ხდებოდა ჩვენს თავს და ეს ამბავი უნდა გაგვეგრძელებინა.
მეორე წელს უკვე ერეკლეც შემოგვიერთდა და კახეთის ხაზიც დავამატეთ. პარალელურად „აწარმოე საქართველოს“ გრანტიც მოვიგეთ და მთელი ჩვენი რესურსები მარნის განვითარებისკენ მივმართეთ.
წელს კი უკვე იმერეთის მარანიც დავიმატეთ და ამ რეგიონის ჯიშებით ჩვენი ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი გახდება. გვსურს, რომ ყველა რეგიონში ერთი მარნით ვიყოთ წარმოდგენილები.
T: „მოსავალი პირველი“: სახელი, ლოგო, ეტიკეტი;
ბრენდინგის ნაწილში უკვე ჩვენი მეოთხე მეგობარი ნიკა ჯიბლაძე შემოგვიერთდა, რომელიც დაგვეხმარა ლოგოს და ეტიკეტის შექმნაში. ღვინის ენთუზიასტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩვენი ეტიკეტი ძალიან ავთენტურია და ღვინოსთან შესაბამისი, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ შეგვექმნა მინიმალისტური, თუმცა ძალიან შევსებული და დასამახსოვრებელი ეტიკეტი.
ჩვენ გვსურს, რომ ის მიდგომა და ემოცია, რაც პირველი რთველის დროს გაგვიჩნდა ყველა დანარჩენს წელსაც მსგავსი ენთუზიაზმი შევინარჩუნოთ. რთულია და ხდება ხოლმე მცირე მარნებში, მომდევნო წლების მოსავალი განსხვავებულია გარკვეული პირობების გამო, შესაბამისად ღვინოსაც სხვა ემოცია ახლავს. ჩვენ კი გვინდა, რომ ის ემოცია, რაც იყო პირველი მოსავლის დროს, ყოველ მომდევნო რთველში განმეორდეს. ყოველი წელი „მოსავალი პირველი“ იყოს.
T:რა ხდის თქვენს მეღვინეობას გამორჩეულს?
ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით ბაზარზე ვინც პეტნატის წარმოება დავიწყეთ. ამით მივხვდით, რომ ქართველი მომხმარებელი სიახლეების მიმართ გულღიაა, ამიტომ აღარ ვუშინდებით მსგავს იდეებს და ყოველწლიურად ვცდილობთ სიახლე დავნერგოთ.
ვფიქრობთ, რომ დღეს არის ის დრო, როდესაც მცირე მარნები ერთად უნდა გავერთიანდეთ და ერთობლივი ძალებით ღვინის მოყვარულებს საინტერესო გამოცდილებები შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ ჩვენ დამწყებ მეღვინეებს ვთავაზობთ ჩვენთან გაერთიანებას და სხვადასხვა საკითხებში ჩვენი გამოცდილების გაზიარებას, იქნება ეს ტექნოლოგიური პროცესი, ეტიკეტირება თუ ობიექტზე შესვლა. ვფიქრობთ, სხვადასხვა რეგიონის მარნების გაერთიანებით, ცოდნის გაზიარებით შევქმნით იმ საერთო სულისკვეთებას, რომელიც ქართულ მეღვინეობას ახალ სიმაღლეზე აიყვანს.
T: ჟოლოს და მაყვლის ღვინო:
ინსპირაცია ალუბლის ღვინო (Cherry wine) მოგვივიდა და ვიფიქრეთ, რომ რატომაც არ უნდა გვეცადა რამე მსგავსი და გავაკეთეთ ტკბილი სადესერტო ღვინო ჟოლოსა და მაყვლის, რომელიც საკმაოდ მაღალ მჟავიანია, თუმცა სიტკბოთი დაბალანსებული და სასიამოვნოდ მისართმევია. ზოგადად, ვცდილობთ შევქმნათ ისეთი რამ რაც ბაზარზე ნაკლებ ხელმისაწვდომია და გამრავალფეროვნებაში შევიტანოთ წვლილი. ამ ეტაპზე მხოლოდ 30 ბოთლია დარჩენილია და წელს უკვე ღვინო გაზრდილი ტირაჟით იქნება ხელმისაწვდომი.
T: სამომავლო გეგმები:
ამჟამად უკვე მეოთხე რთველს ვიწყებთ, 3 მარნით და 9 სახეობით, რომელიც წელს კიდევ გაიზრდება. გვინდა, რომ ყოველი მომდევნო წელი იყოს ხარისხობრივად უკეთესი და ესეც არის. ასევე გვინდა, რომ კონკრეტულად ერთ ჯიშზე არ ვფოკუსირდეთ და მრავალფეროვანი ასორტიმენტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს.
მევენახეობის მიმართულებითაც ბევრი გვაქვს სასწავლი და სამუშაო, ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ და უახლოს მომავალში აუცილებლად დავდებთ იმ შედეგს, რომელიც მიზნად გვაქვს დასახული.
წლევანდელი სიახლე კი კონტრ-ეტიკეტზე QR კოდია, რომლის დასკანერებით მომხმარებელს შეეძლება კონკრეტულ ღვინოს თავისი შეფასება დაუწეროს. ამით ჩვენ საშუალება გვექნება ვაკონტროლოთ კონკრეტული ბოთლები და თუნდაც დეფექტის შემთხვევაში მალე გამოვასწოროთ ხარვეზი, ასევე მომხმარებელთან გვქონდეს უშუალო კომუნიკაცია და ამ გზით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გავიგოთ მათი შეფასება და აზრი პროდუქციის შესახებ.