კოსტას 3 ოქროს წესი - როგორ გავზარდოთ ღვინის პოპულარობა

კოსტა 8000 მოსავლის აბაშიძის ფილიალში გახსნის დღიდან გვმასპინძლობს. თვლის, რომ მეღვინეობა ხელოვნებაა, რომელიც ჩაკეტილობას არ ნიშნავს - პირიქით რაც შეიძლება უნდა გაშალო და ბევრი ექსპერიმენტი ატარო, მოარგო მომხმარებელს. გაყიდვა კი არის პროცესი, როცა შენს პროდუქტს აცნობ/უზიარებ მომხმარებელს. ღვინომ, დეგუსტაცია გაიარა და თაროზე მოხვდა არ ნიშნავს, რომ ის თავისთავად გაიყიდება. ის ყველაზე მეტად ბოთლში იცვლება და თაროზე დადებიდან ახალი ფაზა იწყება. საჭიროა, რომ ღვინო პოპულარული გახადო. პოპულარობის გასაზრდელად კი კოსტა გვიზიარებს 3 ოქროს წესს:

 1.  მომხმარებელთან სიახლოვე

 მომხმარებლებს სერიოზული ინტერესი აქვთ პიროვნულად გაიცნონ მეღვინე. მეღვინესა და მომხმარებელს შორის საუბარი კი ბევრ რამეს ხსნის. ბევრ მეღვინეს შეიძლება არ უნდოდეს მარნიდან გამოსვლა, რაც გასაგებიც არის - ღვინო იტყვის თავის სათქმელს, თუმცა საჭიროა, რომ ღვინის ფილოსოფია ვიღაცამ თქვას. ამისთვის ჩვენ ვთავაზობთ „მეღვინის დღეს“ - კონკრეტული მარნის მეღვინე თუ ბრენდ მენეჯერი  სადეგუსტაციო მაგიდასთან პირადად მასპინძლობს ღვინის ენთუზიასტებს და უზიარებს თავის გამოცდილებას. შეიძლება მომხმარებელმა იმ დღეს ის ღვინო არ შეიძინოს, თუმცა ის სადღაც ნახავს და აუცილებლად გაახსენდება.  

2. ვინ ყიდის ღვინოს

 მეღვინემ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ადამიანებს ვინც ღვინოს ყიდის. მნიშვნელოვანია მაქსიმალურად სწორად აუხსნას თავისი მიდგომა, მსოფლმხედველობა, თავისი ღვინო სომელიეებს და კონსულტანტებს. ამისთვის ჩვენ ვიწვევთ მეღვინეებს და თანამშრომლებთან ერთად ვატარებთ დეგუსტაციებს. რაც მათ ძალიან ეხმარებათ სწორ მომხმარებლამდე მიიტანონ ღვინო. ვფიქრობ, ჯობია მსგავსი შეხვედრები ბევრი არ უნდა იყოს, ჯობია ერთი და ხარისხიანი. 

3. ეტიკეტი - შეფუთვა - ბრენდიგნი

მეღვინე არის ადამიანი, რომელიც ღვინოში იჭერს ემოციას და სხვასაც აგრძნობინებს ამას. ის დეტალებში უნდა ხედავდეს ყველაფერს. სწორედ პირველი ასოციაცია ჩვენ ღვინოზე ბოთლის ვიზუალიდან გვექმნება - ჩაჩით დაწყებული ეტიკეტით დამთავრებული. ამიტომაც, არის მისი შეფუთვა მნიშვნელოვანი. ვიზუალი კი სასურველი ხასიათის ღვინის პოვნაში ძალიან გვეხმარება. ძალიან რთულია ამხელა თაროზე შენი ღვინო ბრწყინავდეს, ამისთვის ბევრი რამეა გასაკეთებელი.

I BUILT MY SITE FOR FREE USING