თუ მეღვინე ხართ ან უბრალოდ ღვინის მოყვარული კატო შალვაშვილის სახელი და გვარი თქვენთვის ნაცნობია. კატო „8000 მოსავლის“ სომელიე და პრომოუშენის მიმართულების ხელმძღვანელია, წლებია ზრუნავს ქართული მეღვინეობების ხარისხის და პოპულარიზაციის გაზრდაზე.
ერთია ღვინის დაყენება და მეორე მისი მომხმარებლამდე მიტანა. რეალურად რას ნიშნავს ღვინის პრომოუშენი, რისთვის არის ის მნიშვნელოვანი და რა ხდება დღეს ბაზარზე, თბობა კატო შალვაშვილს ესაუბრა:
T: რას ნიშნავს ღვინის პრომოუშენი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
ღვინის პრომოუშენი არის პროცესი, როდესაც საოჯახო მარანი თუ დიდი კომპანია სხვადასხვა ხელსაწყოებით ახდენს საკუთარი ღვინის პოზიციონირებას ბაზარზე. პრომოუშენი ბოთლის ვიზუალიდან, ფორმიდან და ეტიკეტიდან იწყება. პირველ რიგში, მომხმარებელი, რომელიც არ არის გათვითცნობიერებული პროდუქტს თვალით აღიქვამს.
დღეს ბაზარზე ძალიან ბევრი კარგი მეღვინე გვყავს, რომლებიც უბრალოდ არ ჩანს და არის ღვინოები, რომლებიც იმის გამო, რომ ეტიკეტი და ბოთლი არ არის კარგი „დაჩაგრულია“. აქედან გამომდინარე, წამოვიდა იდეა, რომ პოპულარიზაცია მოვახდინოთ უფრო მეტად იმ მეღვინეების, რომლებიც არიან ჩაკარგულები.
ზოგადად მგონია, რომ ავტორზე უკეთესად წიგნს ვერავინ ვერ გაგაცნობს, ამიტომ მნიშვნელოვანია ღვინის მარნებმა გაითვალისწინონ, რომ თავიანთი ღვინის ფილოსოფიის გასაცნობად საჭიროა სხვადასახვა ხელსაწყოების გამოყენება.
T: რა სტრატეგიებს და ტაქტიკებს იყენებს 8000 მოსავალი ღვინის პოპულარიზაციისთვის?
ერთ-ერთი პირველი რაც პანდემიაში გავაკეთეთ ღვინის ყუთია - ძალიან კარგი პროექტია და ვამაყობ ამით. მთელი ამბავი სწორედ ის არის, რომ გამომწერმა არ იცის რა ღვინოს მიიღებს. თაროზე, რომ არჩევანის წინაშე ხარ და შენ თვითონ არჩევ მაინც გაპრანჭულისკენ შეიძლება თვალი წაგივიდეს. აქ კი შეიძლება მოგივიდეს ღვინო, რომელსაც არ აქვს კარგი ეტიკეტი, მაგრამ იყოს ძალიან კარგი ღვინო.
გარდა იმისა, რომ ადგილზეც ვართ წარმოდგენილები და მეღვინესთან ერთად ღვინის დეგუსტაციებს ვატარებთ, სოც. მედიაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის პატარა პროექტი გვაქვს - მეღვინეები ვიდეოს საშუალებით თავიანთ მეღვინეობებს გვაცნობენ, რომელსაც სოციალურ ქსელში ვდებთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი პრომოუშენის მიმართულებით რასაც ვაკეთებთ არის აქტიური მუშაობა კონსულტანტებთან. რეალურად ღვინის პრომოუშენი არ არის ღვინის მარკეტინგივით გაწერილი. მთავარი არის ის, რომ კონსულტანტებმა იცოდნენ და ესმოდეთ ღვინო.
T: რა უნიკალური მახასიათებლით გამოირჩევა ქართული ღვინო პრომოუშენის თვალსაზრისით?
ის, რომ თუ რამდენად უნიკალურია ეს პატარა ქვეყანა ჯიშების მრავალფეროვნებით, ყოველთვის გაოცებას იწვევს. იმ ისტორიის დამატებით, რომ ღვინის სამშობლო ვართ კარგად ყიდის ღვინოს. ამით ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და არ გვჭირდება ისტორიის თითიდან გამოწოვა.
რეალურად მე20 საუკუნემ იმდენად დიდი დაღი დაასვა ქართულ მეღვინეობას, რომ ამ დაღიდან ნელ-ნელა ამოვდივართ. უცხოელებს, ხშირად უკვირთ თუ რატომ არიან ძველი თუ ახალი ღვინის ქვეყნები ჩვენზე წინ.
T: სად ვართ დღეს და საით უნდა ავიღოთ გეზი?
ცალსახაა, რომ კურსი დასავლეთისკენ უნდა ავიღოთ. დასაწყისსა და დღევანდელობას შორის განსხვავება ძალიან დიდია - რაოდენობრივად და ხარისხობრივადაც მეღვინეობები გაიზარდნენ. ბევრი მცირე მარანი გამოჩნდა ბაზარზე, რომლებიც საინტერესო პროდუქტს ქმნიან და სთავაზობენ ღვინის მოყვარულებს. ახალი თაობაც წამოგვეწია, რაც უფრო მეტი ინფორმაციის საშუალებას გვაძლევს, უფრო მეტი მიმოსვლა გვაქვს, უფრო მეტად ჩამოდიან უცხოელები და ხდება აზრების გაცვლა-გამოცვლა.
მიუხედავად იმისა, რომ 8000 წლიანი ისტორია გვაქვს, მგონია, რომ ახლა ვიდგამთ ფეხს და ეხლა ვითარდება მეღვინეობა. საკმაოდ არის გაზრდილი ინტერესი ქართული ღვინის მიმართ და ჩვენც მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ჩავდოთ რესურსი.