სტერეოტიპი - გაბატონებული რწმენა, აზრი, დამოკიდებულება ადამიანის ან პროდუქტის შესახებ, რომელსაც აქვს კონკრეტული მახასიათებლები. გავრცელებული მცდარი აზრი აბსოლუტურად ცვლის პროდუქტზე წარმოდგენას, უკარგავს ფასს. კი საქართველო ნამდვილად არის ღვინის სამშობლო, თუმცა მე20 საუკუნეში გავრცელებული სტერეოტიპები დღესაც კი აქტუალურია. რა ტიპის სტერეოტიპები არსებობს და დასანგრევია თუ ჩასანაცვლებელი - ამ თემაზე სომელიე ნიკა თინაშვილს ვესაუბრეთ.
T: დასანგრევია თუ არა ღვინოში სტერეოტიპები?
სტერეოტიპები დასანგრევია ყოველთვის. არა მხოლოდ მეღვინეობაში, ნებისმიერ დარგში და ნებისმიერ მიმდინარეობაში. მაგალითად, იმპრესიონიზმში ხაზის სტერეოტიპი, რომ არ დამსხვრეულიყო დარჩებოდა იგივე საზღვრებში. შესაბამისად არის ღვინოშიც. თუმცა შაბლონი და კლიშე უფრო დიდი პრობლემაა ქართულ ღვინოში, ვიდრე სტერეოტიპი. ამ უკანასკნელს დრო კლავს და კლიშეს კიდევ ნეტა ვიცოდე რა კლავს.
T: რა კლასიფიკაციას გაუკეთებდი სტერეოტიპებს?
მე არ ვმუშაობ ღვინოსთან, რომელიც მიიღეს მიკროზონად საბჭოთა კავშირის დროს: ქინძმარაული, ახაშენი, მუკუზანი. ვთვლი, რომ არასწორ დროს არასწორმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ეს. ჩემი აზრით ჩვენი წინაპრები ნახევრად-ტკბილ ღვინოებს არ აყენებდნენ და არ სვამდნენ. ეს გამოიწვია ბაზარმა - ქართული ღვინო ყველას უნდოდა. საბჭოური ადამიანი კი ენოგასტრონომიის მხრივ ძალიან განუვითარებელი იყო. გარკვეულწილად დღესაც იგივე ამბავს ვაგრძელებთ.
ჩავატაროთ რებრენდინგი. ნუ იქნება ხვანჭკარა ნახევრად ტკბილი. რაჭველები ოდითგანვე ღვინოს ჭურში აყენებდნენ. ტემპერატურის ცვალებადობის გამო - ზამთარი მალე დგებოდა და ნარჩენი შაქარი რჩებოდა ღვინოში, თუმცა არა როგორც ნახევრად ტკბილი ღვინო.
T: ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპები:
ყველაზე ხშირად ვხვდები „შავი ღვინის“ სტერეოტიპს, ძირითადად უფროსი თაობა ამბობს, რომელიც რუსული ზეგავლენის შედეგია.
„კაი ღვინოა, თავს არ მატკივებს“ - ამაზე ყველაზე მეტად ვბრაზდები.
სტალინის გამოსახულება ეტიკეტზე - ცოტა ხნის წინ მეგობარმა გამომიგზავნა, როგორ იყიდება ნიუ-იორკში „ამ დიქტატორის“ გამოსახულებით ქართული ღვინო.
ხვანჭკარას ეტიკეტი, რომელიც წითელია იმიტომ, რომ სტალინს ესე უნდოდა, რაც დღემდე ასეა.
T: რა უნდა დავანგრიოთ და რა არა ?
მე არ მაქვს სტერეოტიპების კომპლექსი, არის სტერეოტიპები, რომლებიც მომწონს: ლიტრიანი ღვინის ბოთლი, ფიალიდან ღვინის მირთმევა. ზოგადად ღვინო უნდა მიირთვა, რითაც კომფორტულია. ფიალას პროცესი კი ძალიან საინტერესოა. ის ხომ ქართული სტუმართ-მოყვარეობის სიმბოლოა. მე ძირითადად საბჭოური სტერეოტიპები მაწუხებს.
უდიდესი ღვინის ჭიქის სახლებიც ისევ უფეხო ჭიქებზე გადადიან. ისიც ძველი სტერეოტიპია, რომ შენი ხელი ათბობს ღვინოს.
T: დავანგრიოთ თუ უნდა ჩავანაცვლოთ?
განვითარება და წინსვლა რა თქმა უნდა არის. ჩვენ მამა-პაპებს პატივი უნდა ვცეთ, რომ შემოგვინახეს და ჩვენამდე მოიტანეს. საჭიროა, რომ ჩვენც სათანადოდ გავაგრძელოთ, რომ ჩვენ შვილებს შევუნახოთ. უძველესი კულტურა გვაქვს და ალაზნის ველს ვაკეთებთ ტეხავს აბა არ ტეხავს?!