ყოველწლიურად, ნატურალური ღვინო უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი ნატურალური ღვინო FDA მიერ არ რეგულირება, ტერმინი აქტიურად გამოიყენება ღვინის ინდუსტრიაში იმ ღვინოებისთვის, რომლებიც წარმოებულია მინიმალური დანამატების გამოყენებით ან ბიოდინამიკური პრაქტიკის გამოყენებით.
რეალურად, რას ნიშნავს ნატურალური ღვინო და რა ხდება დღეს ქართულ ბაზარზე, თბობა “We are Ghvino”ს და „K&K Natural wine”-ის დამფუძნებელს გიორგი კირკიტაძეს ესაუბრა.
T: რას ნიშნავს ნატურალური ღვინო და რით განსხვავდება იგი ინდუსტრიულისგან?
ღვინო მოდის ვენახიდან. არა ინდუსტრიული ღვინის სამყაროში ხშირად შეხვდებით ბიო, ბიოდინამიურ და ნატურალურ ღვინოებს. ყველა ამ მიმართულებაში კი არსებობს გარკვეული პრეპარატები, რომლებიც დასაშვებია ვენახში.
ნატურალური ღვინოც იწყება ვენახით, სადაც არ გამოიყენება სისტემური პრეპარატები, ჰერბიციდები და პესტიციდები, ნაკლებად იწამლება ვენახი. ვინიფიკაციის პროცესში კი შეძლებისდაგვარად არ ხდება ჩარევა და საბოლოოდ ღვინო ბოთლში ხვდება ფილტრაციის გარეშე.
ნატურალური ღვინის სიყვარული აუცილებლად გადადის ცხოვრების სტილში და ქმედებებში. რა თქმა უნდა, ის თრობაზეც ისახება. ჩემთვის ნატურალურ ღვინოში იგრძნობა მარნის და მეღვინის ხასიათი, რაც დიდ წარმოებაში იკარგება.
T: რამდენად პოპულარულია ნატურალური ღვინის მიმართულება საქართველოში?
ქართული ნატურალური ღვინის პიონერებს დიდი ღვაწლი აქვთ ამ მიმართულების პოპულარიზაციაში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას ხშირად შევხვედრივარ ადამიანებს ამ სფეროში, ვისაც ქართული ღვინო გაუსინჯავთ ან სმენიათ ჩვენს შესახებ და ეს სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა.
T: რა განსხვავებაა ქართულ და უცხოურ ნატურალურ ღვინოში?
როცა იუნესკომ 2014 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია აღიარა, როგორც არამატერიალური კულტურის მემკვიდრეობა, ამან ძალიან დიდი გადატრიალება მოახდინა ქართულ მეღვინეობაში. ვინც კი ღვინის მოყვარული იყო დედამიწაზე გაიგო, რომ საქართველო არის ღვინის კერა. ამ პერიოდში უკვე ე.წ ემბერ ვაინი, მაცერაციით დაყენებული თეთრი ღვინო, უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. მთელი მსოფლიო რასაც ნატურალურ ორენჯ ვაინს ეძახის, ჩვენ მაგას ვეძახით ღვინოს.
ჩვენი ვაზის ჯიშები არის უნიკალური, სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ქართული ღვინის განსხვავებულობას მსოფლიოს სხვა ჯიშებთან.
T: რა აკლია ქართულ მეღვინეობას:
ჩვენ გვაქვს გამოკვეთილი მცირე ნიშა ბაზარზე. შესაბამისად მგონია, რომ ქართული ღვინო მომხმარებლის თავში უნდა ასოცირდებოდეს გარკვეულ გარემოებასთან.
დღეს ჩვენთვის აუცილებელია სწორი კომუნიკაცია. კონკურენცია საკმაოდ იზრდება და სწორი კომუნიკაციის გარეშე, უბრალოდ ვერ შევინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს.