რატომ შეიქმნა ღვინო - ნიკა დევიძე

ღვინის დამზადება კომპლექსური და ამასთან ერთად მომხიბლავი პროცესია. პირველად კაცობრიობამ, როდესაც ღვინო შექმნა მაშინ არც ქიმია არსებობდა და არც თერმომეტრი. ამ დროიდან მოყოლებული კი, ღვინო იმდენად ასიმილირდა ჩვენში, რომ კულტურის შემადგენელ ნაწილად იქცა. რატომ შეიქმნა ღვინო ამ თემაზე თბობა ნიკა დევიძეს ესაუბრა. 

T: რა იყო ღვინის დამზადების საწყისი მიზეზები და როგორ განვითარდა ისინი დროთა განმავლობაში?

 ჩემი აზრით ღვინის აღმოჩენა შემთხვევით მოხდა. ამაზე უკეთ ალბათ მეცნიერები გაგვცემენ პასუხს, თუმცა ჩემი აზრია, რომ ჩვენს წინაპრებს, რომლებიც მაშინ მომთაბარე ცხოვრებას მისდევდნენ, ყურძენი როგორც პროდუქტი ესიამოვნათ, რაღაც რაოდენობა შეინახეს, დაიწყო დუღილი და მიიღეს რაღაც სითხე, რომელიც ენაზე კბენდა, თუმცა სასიამოვნო მდგომარეობას იწვევდა. ეს არის პროდუქტი, რომელიც ამ დროიდან მოყოლებული კაცობრიობას გვაქვს და დღეს სხვადასხვა კულტურაში თუ რელიგიაშიც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. 

T: რა როლს თამაშობს ღვინო სოციალურ რიტუალებსა და კულტურულ ასპექტებში? 

ღვინო ძალიან გვაახლოებს. ის არ არის მაღალ ალკოჰოლური სასმელი, თუმცა მაინც ზომიერად მისართმევი პროდუქტია და ნელ-ნელა გვმატებს სითამამეს, რომ გახსნილად და თავისუფლად ვისაუბროთ თემაზე, რომელზეც გვინდა რომ ვისაუბროთ. 

ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, რომ ვთქვათ ქართველებისთვის ეთნიკურ-კულტურული ნაწილია ღვინო. თამადის ინსტიტუტი, გასტრონომია თუ ფოლკლორი ყველაფერი ღვინოსთან არის დაკავშირებული და გადაჯაჭვული. 

T: რა ისტორიული მნიშვნელობა აქვს ღვინის წარმოებას საქართველოში? 

მე19 საუკუნის დასაწყისში ალექსანდრე ჭავჭავაძე, ერთ-ერთი პიონერი იყო ვინც მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა ქართულ მეღვინეობაში. ამ დროს ხუმრობაც კი იყო, რომ ცხოვრება 2 ეტაპად იყოფოდა, ალექსანდრეს ღვინის გასინჯვამდე და გასინჯვის მერე.

 შემდგომ საბჭოთა კავშირმა დაგვხია ძალიან უკან, როგორც კულტურულ ნაწილში, ასევე მეღვინეობის ნაწილში. 

ამ საუკუნის დასაწყისში კი იწყება ის, რომ თავიდან ვიწყებთ ღვინის აღმოჩენას. მე ძალიან მიხარია, რომ თანამედროვე მეღვინეები თვითონვე აკეთებენ ღვინის პოპულარიზაციას და თავისი პროდუქტის წინ წამოწევას, რომელიც საერთო სურათს ცვლის. 

T: როგორ მოქმედებს მომხმარებლის პრეფერენციები ღვინის წარმოებაზე? 

რამდენი განსხვავებული ადამიანიც არის, იმდენ განსხვავებულ ღვინოს ვნახავთ. ზოგადად, ვთვლი, რომ ყველას შეუძლია ძირითად დონეზე ღვინის შეფასება, უბრალოდ ინსტინქტებს უნდა ენდონ. ტვინს შეუძლია უამრავი არომატის დამახსოვრება. სახელი შეიძლება ვერ ვთქვათ, თუმცა ჩვენში სასიამოვნო, პოზიტიური ასოციაცია გამოიწვიოს. გემოშიც თუ ემთხვევა ეს არომატები და სასიამოვნოა რბილად და ხავერდოვნად მივირთმევთ ღვინოს. 

მგონია, რომ სწორედ მომხმარებელი საზღვრავს საით და როგორ უნდა განვითარდეს მეღვინეობა. 

T: ქართული მეღვინეობა: რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს? 

სამწუხაროდ, მსოფლიო რუკაზე წარმოდგენილები ვართ მხოლოდ ფაქტით და არა ღვინის ხარისხობრივი თვისებებით. შესაძლოა, რომ ხვალ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდეს ახალი არტეფაქტები და ჩვენ ღვინის სამშობლოს ტიტული დავკარგოთ. ჩვენი მთელი „მუღამი“ იმაშია, რომ ჩვენ 8000 წელია უწყვეტად ვაწარმოებთ ღვინოს და სწორედ დღევანდელი გამოწვევა ის არის, რომ ეს ჩვენი ისტორია, მსოფლიოს ერთ ჭიქაში ვაჩვენოთ. დღეს კი ამისთვის იდეალური შესაძლებლობები გვაქვს, რომ ზრდის ტემპი კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ. 

მსოფლიო დიდი ხანია ახალს ეძებს, საქართველო კი ზუსტად ახლა მოდის და სწორად უნდა ვპოზიციონირდეთ.  

I BUILT MY SITE FOR FREE USING