გენდერული დისბალანსი მეღვინეობაში ყურადღება მისაქცევი თემაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა დღეს ღვინის სამყარო ტრადიციების და ინოვაციების ნაზავია. მსოფლიოს გარშემო კი მეღვინეობების თუ ორგანიზაციების სათავეში ქალების პროცენტული მაჩვენებელი იზრდება. საქართველოშიც წარმატებული ქალი მეღვინის არა ერთი მაგალითი გვყავს, რომელთა ისტორიებიც საოცრად ინსპირაციულია.
რეალურად რას ნიშნავს ქალი მეღვინეობაში და რა როლი აქვს მას, ამ თემაზე თბობა ანა დოხნაძეს ესაუბრა.
T: ანა, როგორ გადაწყვიტე მეღვინეობის პროფესიად არჩევა და როგორი იყო შენი კარიერული გზა?
რეალურად როცა მეღვინეობის სწავლა გადავწყვიტე იმ ასაკში ვიყავი, როცა აგრარული უნივერსიტეტი ამ სახით, როგორც ახლაა არ არსებობდა. ეს გადაწყვეტილება კი ერთ წამში მივიღე, როდესაც სკოლის ექსკურსიაზე პროფესიულ კოლეჯში ვიყავი, სადაც სხვადასხვა პროფესიები გაგვაცნეს და მათ შორის იყო მევენახეობა-მეღვინეობაც, თავიდანვე მოვიხიბლე და დღის ბოლოს უკვე ვიცოდი, რომ მეღვინეობის სწავლა მინდოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს გადაწყვეტილება ჩემი შინაგანი სურვილი იყო, და საერთოდ არ ვფიქრობდი მაშინ მეღვინეობის პერსპექტიულობაზე. ამ გადაწყვეტილებამ აგრარულ უნივერსიტეტამდე მიმიყვანა, შემდეგ კი იყო ერთწლიანი გაცვლითი პროგრამა გერმანიაში, დაბრუნება საქართველოში და უშუალოდ წარმოებაში ჩართვა, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ.
დღეს კი ნაბერაულში მთავარი მეღვინის პოზიციაზე ვარ და ყოველდღიურად ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს.
T: ქალი მეღვინე?!
უკვე, რომ დიფერენცირებას ვაკეთებთ, ქალი მეღვინეობაში, ერთგვარად ხაზს ვუსვამთ, რომ რაღაც განსხვავებული თემაა, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ. ერთგვარად ეს ხელს უშლის იმ სტერეოტიპების დანგრევას ბოლომდე, რომ ქალსაც და კაცსაც, რა სფეროც უნდა იყოს, თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეთ.
თუმცა მაინც ვთვლი, რომ გარკვეული კომპლექსების გადასალახად ჯობია, რომ ღიად ვისაუბროთ და ეს ტერმინი არ იყოს უცხო და გავხადოთ ისეთივე ყოველდღიური, როგორც მეღვინის თქმაა და არა კონკრეტიკა ქალია თუ მამაკაცი.
T: რას სძენენ ქალები მეღვინეობას?
ალბათ, დეტალების სრულყოფილებას, რადგანაც ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ქალები ბევრად მეტად ორიენტირებულები არიან დეტალებზე. ზედმეტად ფიქრი და ჩაკირკიტებაც თუნდაც ქმნის ღვინოს სრულყოფილს და ვფიქრობ ქალის ეს თვისება ძალიან მნიშვნელოვანი და მომგებიანია მეღვინეობაში.
ღვინის დაყენება აერთიანებს ერთდროულად მიმდინარე მრავალ პროცესებს, ქალებს კი ვფიქრობ, რომ შეუძლიათ ბევრ საკითხზე ერთდროულად იფიქრონ. შეიძლება ვთქვათ, ისიც, რომ ქალები კომპლექსურ საკითხებს მარტივად წყვეტენ, ვიდრე კაცები. მაგრამ ამავდროულად ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან შრომატევადია თუნდაც ფიზიკურად მუშაობა და მე მესმის, რომ ვერასდროს ვერ შევადარებთ კილოგრამების აწევას, ეს სულ სხვა საკითხია. მაგრამ კი ეს განსხვავებულობაც არსებობს.
T: ყველაზე დიდი გამოწვევა შენს კარიერაში:
ვფიქრობ, რომ მაინც მედგა გამოწვევა ის, რომ ვიყავი ქალი. ბევრი სტერეოტიპია, რომელიც ბავშვობიდან ჩაგვიდეს, რომ შენ ეს არ შეგიძლია, ვერ იზავ, ვერ გააკეთებ - თუნდაც ჩემ თავთან ამის გადალახვა და მერე უკვე სხვებისთვის ამის დანახვა ძალიან სასიამოვნო იყო.
დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეღვინეობის შიდა ორგანიზაციული მენეჯმენტი, ყველაფრის დალაგება, საუკეთესო გუნდის შექმნა. ვფიქრობ, რომ ახლა ამ ყველაფრის გადაჭრის პროცესში ვარ.
ღვინოს და ტექნოლოგიური კუთხით, რომ შევხედოთ ყოველი დღე მეღვინეობაში გამოწვევაა, ალბათ ესეც მომწონს - სულ რომ სიახლეა და სულ ახალი საკითხების გადალახვა გიწევს, ბევრად კარგად გაგრძნობინებს შენც თავს.
T: რა არის ღვინო შენთვის?
მგონია, რომ ღვინოს განმარტება არ სჭირდება, რაღაცნაირად ღვინო თავისუფალი პროდუქტია, რომელიც ალბათ იმისთვის არის, რომ შენ ეს თავისუფლება შეიგრძნო. მეც მომხმარებელი ვარ, მეც ვსვამ და უბრალოდ დალევაც ძალიან მსიამოვნებს.
ღვინომ ვიღაცაში ძალიან ბევრი გრძნობა შეიძლება დაბადოს, ვიღაცამ კი შეიძლება ძალიან დიდი სიღრმეები იპოვოს. ღვინო უნდა დალიო იმ მიზნით რისი სურვილიც გაქვს და იმ სურვილს აუცილებლად იპოვი.
T: რა აკლია ქართულ მეღვინეობას ?
ვენახი და მასთან სიახლოვე. მეღვინეობა უნდა იყოს გადაჯაჭვული ვენახთან, რადგან კარგ ღვინოს ვერ მიიღებ ცუდი ყურძნით და ცუდი ვენახით. მე ვფიქრობ, რომ მეღვინეობის განვითარება თუ გვინდა პირველ რიგში უნდა დავიწყოთ, ვენახების, ყურძნის, ნიადაგების შესწავლის და აგრონომიის განვითარებით.