თბილისში ბერლინური კულტურის ფეხის მოკიდებით უფრო და უფრო პოპულარული ხდება ღვინის ბარები. ამას მათი სიმრავლეც მოწმობს. მათი დამსახურებაა, რომ ღვინო დღეს მხოლოდ ჯაზი და სუფრა აღარ არის. პირიქით ის შეიძლება იყოს რეპიც, როკიც, მეტალიკაც და ყველა სხვა დანარჩენი.
დღეს მოგიყვებით ადგილზე, სადაც შეგიძლიათ საყვარელი მუსიკით დატკბეთ და თქვენი ღვინო აღმოაჩინოთ.
სოლოლაკი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბანია. აქ თითქმის ყველა სახლს თავისი ისტორია და გამორჩეული არქიტექტურა აქვს. წვრილ ქუჩებში ხეტიალით და თბილისური კულტურით ტკბობაში გართული, ლადო ასათიანის 34 ნომერში თვალებში შემოგანათებთ დიდი წითელი წარწერა - ციცქა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვის პირველი ასოციაცია იმერულ ღვინოსთან გვაქვს, ბევრისთვის ეს სიტყვა სასიამოვნო გარემოსთან და ხალხთან ასოცირდება.
ციცქა არის თბილისში პირველი მაღაზია/ბარი, სადაც ღვინის კოლექცია კონცეპტუალურია - როგორც არტ ინსტალაციის დათვალიერება ისე შეგიძლიათ. თითოეული ბოთლი გარკვეული პრინციპით არის შერჩეული. სომელიე კი საოცარი ენთუზიაზმით მოგიყვებათ ისტორიას, რომელიც ღვინოების უკან დგას. თვლიან, რომ მეღვინეები ის ადამიანები არიან, რომლებსაც ბუნების ძალა გადმოაქვთ ღვინოში. მაქსიმალურად ხელს უწყობენ მათ დიდ ბაზრებზე მოხვედრას და ხშირად მართავენ ღონისძიებებს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.
აქ სტუმრის შესვლისთანავე გრძნობენ მის განწყობას და შესაბამის ღვინოს ურჩევენ. მუსიკაც შესაბამისი დაგხვდებათ - აი ისეთი, თრობის მე4 ფაზის დროს რომ ასწორებს. შეგიძლიათ, თქვენს საყვარელ სიმღერას მორიდების გარეშე აჰყვეთ.
ბარს ერთი მაგიდის კონცეფცია აქვს, რომლის მიზანიც მომხმარებლის კომუნიკაციაში გახსნაა. ამ ლეგენდარული მაგიდის ირგვლივ, ძალიან ბევრი ბედნიერი ადამიანი მდგარა. ყველაზე მეტად ამაყობენ იმით, რომ 5-7 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე სწორედ ამ მაგიდის ირგვლივ ქართულ ღვინოზე იწყებს საუბარს.
ციცქა 5 აპრილს ორი წლის გახდა. ამ პერიოდში ერთგული მომხმარებლების აწეული ჭიქები აძლევენ მოტივაციას, რომ მეტ ადამიანს გააცნონ ქართული ღვინო და თითქმის ყველა ბოთლის კორპი აქვთ შენახული. სამომავლო გეგმა „ყველა უბანში ერთი ციცქაა“.
მოკლედ, არ იდარდოთ კვირის დღეზე, დღის მონაკვეთზე, თრობის საათისთვის ციცქაში ყოველთვის დაგხვდებიან და გაპოვნინებენ თქვენს ღვინოს.