Wine Boutique - ადგილი, სადაც ღვინის ისტორიებს ჰყვებიან

ამბობენ ბავშვობის მძაფრი შეგრძნებები განაპირობებს ჩვენს ზრდასრულ ცხოვრებასო.  კიჭას შემთხვევაშიც ესე იყო. ზუსტად ახსოვს ის დღეც და სურნელიც, რომელიც მაშინდელი ბარნოვის და რიგის კუთხეში მდებარე ღვინის მაღაზიიდან გამოდიოდა. მაშინ ჩაიფიქრა, როცა გაიზრდებოდა ღვინის კუთხე აუცილებლად ექნებოდა. 

ოცნება 2018 წელს აიხდინა. ამბობს, რომ ადგილმა უკარნახა ის კონცეფცია, რაც ბუტიკს დღემდე მოჰყვება. პირველი ნაბიჯები საკმაოდ სარისკო იყო. ეს ის დროა, როცა ქართველი მომხმარებელი ჯერ კიდევ სკეპტიკურად არის განწყობილი ისეთი ადგილების მიმართ, სადაც სასმელი და გასტრონომია ერთად არ არის.

 დღეს კი ბევრი სირთულის მიუხედავად ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას N17-ში  ამაყად დგას Wine Boutique. მეღვინეებთან ერთად დეგუსტაციები თუ ღვინოზე სალონური საუბრები მომხმარებლებმა მალევე აიტაცეს, რაც კიჭასთვის პირველი დასტური იყო, რომ სწორ გზაზეა. პანდემიასაც არ შეუშინდნენ - მალევე აიტაცეს ონლაინ თემები და ღვინის მოყვარულებს ყუთებზე წარწერით ამხნევებდნენ. 

აქ თვლიან, რომ ქართველებში ძალიან ღრმად არის ღვინის, ვენახის სიყვარული და დღევანდელი დასავლური კურსი ის ერთადერთი მიმართულებაა, საითაც უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა.

 კოლექცია მრავალფეროვანი, ნატურალური და საოჯახო მარნების ღვინოებით არის წარმოდგენილი. ეს ადგილი ბევრი ადამიანისთვის გახდა ინსპირაცია, საკუთარი ღვინო ჩამოესხა. თაროებზე ქართულ ღვინოსთან ერთად სამხრეთ აფრიკულ, იტალიურ და ფრანგულ ღვინოებს შეხვდებით. 

ბუტიკისთვის მნიშვნელოვანია მომავალი თაობის ჩართულობაც და სტაფი უმეტეს წილად მევენახეობა-მეღვინეობის სტუდენტებით არის დაკომპლექტებული.

 ერთი მთავარი წესი აქვთ, როცა პოლიტიკაზე იწყება საუბარი ახალი ბოთლი იხსნება. ახალი ბოთლი კი ახალ ისტორიას გვიყვება. ბუტიკში კი თავს ვალდებულად თვლიან, რომ ეს ისტორიები ღვინის ენთუზიასტებს გაუზიარონ. 

მოკლედ, თუ გსურთ, მყუდრო გარემოში გაატაროთ დრო და თან ღვინოზე ისაუბროთ, მაშინ ბუტიკს უნდა ესტუმროთ.

I BUILT MY SITE FOR FREE USING