Gvino - პირველი ქართული ღვინის ბარია ნორვეგიაში, რომელიც სტუმრებს ქართულ ღვინის სამყაროში ამოგზაურებს. მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მეტი ადამიანისთვის იმის გაგებინებაა, რომ სწორედ საქართველო არის ღვინის სამშობლო.
ყველაფერი კი იმ პატარა ინციდენტით დაიწყო, როდესაც პროფესიულ კურსზე მისულ ნათიას ღვინის სამშობლოდ ეგვიპტე გააცნეს. იმ დღესვე საჩივრის წერილი გაამზადა და ყველანაირი არგუმენტით დაუმტკიცა ლექტორს, რომ ის ცდებოდა. ნათიამ მიზნად დაისახა მთელი ნორვეგიისთვის გაეცნო საქართველო და ქართული ღვინო. Liquid wine და ზვიად გურაშვილთან თანამშრომლობით ქართული ღვინოების დისტრიბუცია დაიწყეს, თავიდან ოთხი ღვინოს ჰქონდათ, ცოტა ხანში კიდევ ორი დაამატეს და ესე გადაიზარდნენ ქართული ღვინის ელჩებად ნორვეგიაში.
T: რა იყო ინსპირაცია გაგეხსნათ ქართული ღვინის ბარი ნორვეგიაში და როგორ დაიწყო თქვენი ამბავი?
მახსოვს პირველ ლექციაზე როგორ ამაყად ველოდი საქართველოს დასახელებას, ძალიან გავოცდი როცა ეს ესე არ მოხდა. ლექტორს შევუსწორე და სახლში დაბრუნებულმა მეილი გავუგზავნე, სადაც რაც კი არგუმენტი არსებობდა ყველაფერი გავუგზავნე. რეალურად ქართული ღვინო ნორვეგიაში ძალიან იშვიათი იყო და გადავწყვიტე მე შემომეტანა ქვეყანაში. ზუსტად ამ დროს ვიპოვე ბიზნეს პარტნიორი ზვიად გურაშვილი, რომელთან ერთადაც კარგი თანამშრომლობა გამოგვივიდა და დღეს უკვე ბარით ვართ წარმოდგენილები.
ზოგადად ღვინის ბარი ბევრ ქალაქშია, თუმცა გამოყოფილად ერთი ქვეყნის ძალიან იშვიათია. ბევრი გვეუბნებოდა ძალიან შევიწროებული სეგმენტი გაქვთო, თუმცა ჩვენ მაინც ჩვენი გავიტანეთ და გახსნის დღიდან სრული ჯავშნებით ვმუშაობთ.
T: როგორ მიიღეს ნორვეგიელებმა ღვინო ღვინის სამშობლოდან?
მაშინ ჩვენ როდესაც დავიწყეთ, ქარვისფერი ღვინო ახალი იყო მომხმარებლისთვის. მახსოვს სტენდზე როცა ვიდექი ქართულ ბანერს ისე ჩაუვლიდნენ არც კი შეხედავდნენ. ქართული არ იცოდნენ და არჩევდნენ იქ მისულიყვნენ, რაც მათთვის ნაცნობი იყო. ვინც ერთხელ გარისკავდა კი ის აუცილებლად უკან ბრუნდებოდა. მნიშვნელოვანი იყო ღვინო ყოფილიყო მსუბუქი და არა მძიმე სხეულით და ტანინით, რომ მომხმარებელი მარტივად შეჰგუებოდა გემოვნურ თვისებებს.
ზოგადად ნორვეგიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრესას. ალკოჰოლის რეკლამა აკრძალულია შესაბამისად, ადამიანები არჩევანის გაკეთებაში ენდობიან სტატიებს და ბლოგერებს. იმის გამო, რომ ქართულ ღვინოზე ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს, თავიდან ცოტათი რთული იყო ადამიანებისთვის პირველი ნაბიჯების გადადგმა.
T: რით გამოირჩევა თქვენი ღვინის ბარი და რა უნიკალური მახასიათებლებს სთავაზობს მომხმარებლებს?
ჩვენი სომელიე ქართველია - ლაშა ბედენაშვილი, რომელიც თავის მხრივ მეღვინეა და საოცარი ენთუზიაზმით აცნობს სტუმრებს ქართულ ღვინოს.
ასორტიმენტში სრული აქცენტი ქვევრის ღვინოზე გვაქვს. ვფიქრობ, ღვინის ენთუზიასტებისთვის სწორედ ეს ეგზოტიკური და ცინცხალი გემოები არის მიმზიდველი რაც ქართულ ღვინოში გვაქვს. ჩვენ ვერც კი გავუწევთ კონკურენციას ევროპული სტილის ღვინოებს, რადგან ბაზარზე ძალიან ბევრია და რთულია, რომ მაღალი კლასის კატეგორიაში მოვხვდეთ.
ღონისძიებების ნაწილში კი ყოველ კვირეულად ვიწვევთ სხვადასხვა მეღვინეებს და იმპორტიორ კომპანიებს მთელი მსოფლიოდან და ვატარებთ დეგუსტაციებს. შემოდგომიდან კი უკვე ცოცხალი მუსიკა და კულტურული საღამოები დაგვემატება, რათა ქართულ ღვინოსთან ერთად, ქართული კულტურა გავაცნოთ სტუმრებს.
საბოლოო ჯამში კი "ღვინო" გვინდა იყოს ადგილი, სადაც ყველა ადამიანი თავს იგრძნობს როგორც სახლში.