მე ვარ ანდრია ადეიშვილი. დავამთავრე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის საბაკალავრო პროგრამა. შემდგომ ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მევენახეობისა და ენოლოგიის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე, რომლის მეორე წლიდან სწავლა გავაგრძელე Vinifera Euromaster-ის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე, კერძოდ იტალიაში, ვერონას უნივერსიტეტში, სპეციალიზაციით ეკონომიკა და მარკეტინგი ღვინის ბიზნესში. ამჟამად სტაჟირებას გავდივარ შამპანის ღვინის რეგიონში, ქალაქ რეიმსში, კომპანია Taittinger-ში.
როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ:
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მქონდა ინტერესი და სურვილი უფრო ახლოს მენახა ისეთი წარმატებული, დიდი ისტორიისა და გამოცდილების მქონე ღვინის ინდუსტრიები, როგორიც იტალიასა თუ საფრანგეთშია. სტუ-სა და Vinifera Euromaster-ის პროვაიდერებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული ორი ადგილიდან ერთისათვის შეირჩა ჩემი კანდიდატურა. ამასთანავე მოვიპოვე განათლების საერთაშორისო ცენტრის გრანტი. ჩემი პროგრამის მეორე წლის მეორე სემესტრი ეთმობა სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობასა და სტაჟირებას, რისთვისაც ჩემი პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე საფრანგეთში, შამპანის ღვინის რეგიონზე გავაკეთე არჩევანი.
რატომ ავირჩიე ეს პროფესია:
ვფიქრობ, რომ გასული და მომდევნო ათწლეული ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდია ქართული ღვინის ინდუსტრიისათვის, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკასა თუ იმიჯზე. გამიხარდება თუ მექნება საშუალება ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო ამ სექტორის განვითარებაში.
ჩემი მიზანია:
ჩემი მიზანი ახალი ცოდნისა თუ გამოცდილების შეძენაა. სურვილი მაქვს საქართველოში, მეღვინეობის სექტორის განვითარების პროცესში მივიღო მონაწილეობა.
რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე, რასაც ვაკეთებ:
მოტივაციას მაძლევს იმ საკითხების შესწავლის სურვილი რაც ჩემთვის საინტერესოა.
რა აკლია ქართულ მეღვინეობას:
ვისურვებდი, რომ მეტი ნაბიჯი გადაიდგას მდგრადი განვითარების მიმართულებით, განსაკუთრებით მსხვილი მწარმოებლების მხრიდან და არამხოლოდ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნებოდა მეტი აქტივობა ამ კუთხით, რომელიც გულისხმობს ზოგადი ცნობიერების ამაღლებასა თუ სხვა, კონკრეტულ ქმედებებს.
რჩევები მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას:
ჩვენი ინდუსტრიის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ალბათ ვურჩევდი სხვადასხვაგვარი პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ამ სფეროში, რაც ეხმარება ადამიანს საკუთარი ინტერესების პოვნაში.