მე ვარ მარიამ ბუჩუკური. დავამთავრე აგრარული უნივერსიტეტი, ამჟამად ვსწავლობ მაგისტრატურაზე, ბორდოს უნივერსიტეტში, ენოლოგიის მიმართულებით.
როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ:
ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში, ხშირად მიფიქრია მიმართულების შეცვლაზე, რადგან ვერ ვხედავდი საკმარის პერსპექტივას, განსაკუთრებით კვლევით სფეროში. თუმცა, საბოლოო ჯამში, პირიქით, მოტივაციის მომცემი გახდა ჩემთვის გამეგრძელებინა ამ პროფესიის შესწავლა, რათა გარკვეული პრობლემები, რომლებიც, სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს, გადამეჭრა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ყოველთვის მაინტერესებდა და მაგისტრატურაც, შესაბამისად, მევენახეობა-მეღვინეობის მეცნიერების მიმართულებით ავირჩიე.
რატომ ავირჩიე ეს პროფესია:
მევენახეობა-მეღვინეობით არასოდეს ვყოფილვარ დაინტერესებული. ჩემი პირველი შეხება ამ სფეროსთან წინანდლის ღვინის სკოლით დაიწყო, სადაც ჩემი მოტივაცია მხოლოდ ღვინის კულტურისა და ისტორიის გაცნობით შემოიფარგლებოდა. როგორც ქართველი, თავს ვალდებულად მივიჩნევდი, ნებისმიერი კულტურული მემკვიდრეობის, არამხოლოდ ღვინის, რითაც ასე ვამაყობთ, მნიშვნელობა და ეროვნული ღირებულებები სწორად გამეაზრებინა და დამეფასებინა. საბედნიეროდ, აგრარული უნივერსიტეტი საშუალებას გვაძლევდა პირველ კურსზე შემესწავლა ზოგადი განათლების საგნები, შემდგომ კი აგვერჩია სასურველი მიმართულება. სფერო, სადაც ყველა ჩემი ინტერესი მეტ-ნაკლებად იკვეთებოდა, მევენახეობა-მეღვინეობა აღმოჩნდა და საბოლოო არჩევანიც მასზე შევაჩერე.
რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე, რასაც ვაკეთებ:
მოტივაციას საქმისადმი სიყვარული მაძლევს. ვფიქრობ, ღვინის საბოლოო მიზანი ადამიანებისათვის სიამოვნების მინიჭებაა. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, ქართული ვაზისა და ღვინის კულტურა მეტად ცნობადი და ამავდროულად, ობიექტურად საამაყო იყოს საერთაშორისო ბაზარზე. ცნობილია, რომ საქართველო მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი რეგიონია, თუმცა, მხოლოდ არსებული სტატუსი, წარსულით სიამაყე და ტრადიციების შენარჩუნება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საერთაშორისო მასშტაბით კუთვნილი, მყარი, ადგილი დაიკავოს ქვეყანამ.
რა აკლია ქართულ მეღვინეობას:
ჩემი აზრით, ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას, იმისათვის, რომ საერთაშორისო ბაზარზე წარმატებული ადგილი დაიკავოს, ყველაფერი გააჩნია. თითოეული რეგიონი, ვაზის ჯიში თუ კლიმატური პირობები, საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ მრავალფეროვანი, განსხვავებული სტილის მქონე ღვინოები და მსოფლიო ბაზარზე გამორჩეული ადგილი დავიკავოთ. თუმცა, პრაქტიკაში ამის განხორციელება, ცხადია, ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი ცვალებადია, მათ შორის მომხმარებლის გემოვნებაც, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ყოველ ჯერზე მსოფლიოს ახალი და საინტერესო პროდუქცია წარვუდგინოთ.
რჩევები მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას:
ჯერ-ჯერობით, არ მივიჩნევ ჩემ თავს იმ ეტაპზე, რომ თამამად მივცე რჩევები მათ, ვინც ირჩევს ამ პროფესიას. თუმცა, შემიძლია გამოცდილების გაზიარება და ვფიქრობ, რომ მთავარი პრიორიტეტი ამ პროფესიის, მისი მრავალფეროვნებაა. რაც არ უნდა იყოს, თქვენი არჩევანი, მთავარია, მოგწონდეთ ის, რასაც აკეთებთ და განიჭებდეთ სიამოვნებას. და თუ ეჭვი გეპარებათ თქვენი არჩევანის სისწორეში, შესაძლოა, უბრალოდ გარემო არ გიწყობთ ხელს. ამიტომ, ნუ შეუშინდებით გამოწვევებს, სტრესის შესამსუბუქებლად კი ღვინო ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება.