ანიტა გვასალია #GenZ: თბილისიდან-ბორდომდე

მე ვარ ანიტა გვასალია, ამჟამად ვამთავრებ Vinifera Euromaster-ს (მევენახეობა-მეღვიონების სამაგისტრო პროგრამა) და ვაკეთებ პროფესიულ სტაჟირებას ბორდოში.

როგორ მოვხვდი აქ:

 სულ მაინტერესებდა იმის პერსპექტივა, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ გამეღრმავებინა ცოდნა. მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე სწავლისას გადავწყვიტე, რომ ევროპის უნივერსიტეტებში მეცადა ბედი და 2 სამაგისტრო პროგრამაზე გავაგზავნე ჩემი მონაცემები, ბოლოს კი ეს პროგრამა შევარჩიე. 

რატომ ავირჩიე ეს პროფესია:  

პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ საკმაოდ პატარა ასაკიდან შემიყვარდა ღვინო როგორც მომხმარებელს, გარდა ამისა, ყოველთვის მიზიდავდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ალკოჰოლური სასმელების ტექნოლოგიური პროცესი. ამ მიზეზების გამო გადავწყვიტე, რომ დამეწყო სწავლა, შემდეგ უკვე რამოდენიმე წლიანმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ უშუალოდ ღვინოსთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ვთვლი, რომ მეღვინეობა არის ძალიან შრომატევადი მაგრამ ამავდროულად ძალიან შემოქმედებითი აქტივობა, გაძლევს ბევრი ექსპერიმენტის ჩატარების თავისუფლებას, რაც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა. 

ჩემი მიზანია: 

ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტულია, რომ რაც შეიძლება ბევრი რამ ვისწავლო და გამოცდილება დავაგროვო. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ვაპირებ მივიღო პრაქტიკული გამოცდილება და ვიმუშაო ღვინის ტექნოლოგიის მიმართულებით (დიდი იმედი მაქვს საქართველოში). შემდეგ შეიძლება ისევ დავუბრუნდე აკადემიურ ცხოვრებას.

მოტივაციას მაძლევს:

  რთული სათქმელია, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად ინტერესი. ჩემი აზრით მევენახეობა-მეღვინეობა ძალიან ფართო სფეროა, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც გვაქვს უდიდესი მრავალფეროვნება და პოტენციალი ამ მიმართულებით.

 რა აკლია ქართულ მეღვინეობას ? 

არასწორი იქნება, რომ განზოგადებულად ვილაპარაკო ქართულ მეღვინეობაზე, თუმცა ჩემი აზრით, ბაზარზე გვაკლია კომპლექსურობა და ინდივიდუალიზმი ღვინოებში. განსაკუთრებით შეუსაბამოა ეს ღვინის სამომხმარებლო ფასებთან. ძალიან სასიხარულოა ის, რომ გვაქვს დიდი დაინტერესება საერთაშორისო ბაზრის მხრიდან, თუმცა ვთვლი, რომ საპატიო ადგილის დასამკვიდრებლად „we have to step up our game’. 

რჩევა მათ, ვინც ეხლა ირჩევს ამ პროფესიას: 

ალბათ ვურჩევდი, რომ ბევრი პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ და ინვესტიცია ჩადონ უცხო ენების სწავლაში.

I BUILT MY SITE FOR FREE USING