ლუკა სიხარულიძე #GenZ: თბილისიდან-ვინტურამდე

 მე ვარ ლუკა სიხარულიძე, დავამთავრე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი და ამჟამად ვსწავლობ WINTOUR (The European Master of wine Tourism innovation) სამაგისტრო პროგრამაზე. პროგრამაში ყველა სემესტრი განსხვავებულ ადგილას ისწავლება, ამჟამად ვიმყოფები საფრანგეთის ქალაქ ბორდოში. 

როგორ მოვხვდი აქ:  

ამ პროგრამას დიდი ხანი ვადევნებდი თვალს და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე მეცადა თუ რა პროცედურების გავლა დამჭირდებოდა. რამოდენიმე საბუთის და გამოცდების შემდეგ დადებითი პასუხი მივიღე. სრულ დაფინანსებასთან ერთად (რომელიც საქართველოს შემთხვევაში 18 ათას ევროს შეადგენს) ასევე დამიმტკიცდა ყოველთვიური სტიპენდია. პირველი სემესტრი სექტემბერში ესპანეთში ქალაქ ტარაგონაში დავიწყე, ამჟამად ვარ საფრანგეთში ქალაქ ბორდოში. ეს პროგრამა მაძლევს საშუალებას გავეცნო სამ ყველაზე დიდი ღვინის მწარმოებელი ქვეყნის პრაქტიკებს და შევიძინო კონტაქტები ჩემი მომავალი პროფესიისათვის. 

რატომ ავირჩიე ეს პროფესია: 

მევენახეობა-მეღვინეობა მსოფლიოში ძალიან პრესტიჟულ სფეროდ მიიჩნევა, რომელიც ასევე გვაძლევს საშუალებას ვიმოგზაუროთ, გავეცნოთ სხვა ქვეყნის პრაქტიკებსა და ტრადიციებს, ასევე საინტერესოა როგორც კომუნიკაციისა და კონტაქტების ჩამოყალიბების გზა. საქართველოში, კერძოდ გურიაში მაქვს მარანი, რომლის განვითარება ჩემ ოჯახთან ერთად რამოდენიმე წლის წინ დავიწყე, თუმცა მქონდა იმის განცდა, რომ ჯერ უნდა მიმეღო სხვა ქვეყანაში გამოცდილება და შემდე გამეგრძელებინა საქართველოში მოღვაწეობა.

 ჩემი მიზანია:  

 შევიძინო რაც შეიძლება მეტი და მრავალფეროვანი გამოცდილება, ვნახო და გავიცნო მრავალი ქვეყნის ღვინის წარმოებისა და ტურიზმის პრაქტიკები, ჩამოვაყალიბო მეგობრული თუ პროფესიული კავშირები. რაც მთავარია დავაგემოვნო საუკეთესო ღვინოები და დავათვალიერო შთამბეჭდავი მარნები, რომლებიც ღვინის წარმოების გარდა ითვლებიან, როგორც არქიტექტურის შედევრები. საბოლოოდ ეს ყოველივე დამეხმარება საქართველოში შევქმნა რაიმე განსხვავებული და საინტერესო. 

მოტივაციას მაძლევს: 

 პირადი მოტივაციის გარდა, რომელიც მუდმივად მქონდა მოგზაურობასთან, სხვადასხვა ქვეყნების ნახვასთან ან ადამიანების გაცნობასთან დაკავშირებით, ასევე მაქვს ოჯახისა და მეგობრების მუხტი, რომელიც მუდმივად გვერდში მიდგანან და მამხნევებენ ამ საინტერესო და სახალისო, თუმცა მაინც რთული გზის გავლაში.

 რა აკლია ქართულ მეღვინეობას ?  

ჩემი აზრით - მრავალფეროვნება, უფრო მეტი ახალგაზრდა და პროფესიონალი თავისი იდეებითა და განსხვავებული ხედვებით. ასევე მნიშვნელოვანია განვითარება მარკეტინგის სფეროში, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს ქართული ღვინის ტექნიკა და ტრადიციები, რადგან მსოფლიოში ნამდვილად ცოტაა იგივე სტილის ღვინო, რომელიც საქართველოშია. და ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ აუცილებელია პროდუქტების რეალურ ჩარჩოებში მოქცევა და მაღალი ხარისხის მუდმივი შენარჩუნება. 

რჩევა მათ, ვინც ეხლა ირჩევს ამ პროფესიას:   

ჩემი რჩევა იქნება გამოიყენოთ ეს პროფესია ადამიანების გასაცნობად, სამოგზაუროდ, სასწავლად, სხვა ქვეყნების შესასწავლად და რაც მთავარია გასართობად. შეეცადეთ გამოიყენოთ დრო საუკეთესო მარნებში სამუშაოდ, დააგემოვნოთ საუკეთესო კერძები და გასინჯოთ ყველაზე პრესტიჟული ღვინოები.

I BUILT MY SITE FOR FREE USING