აჩი ზაუტაშვილი #GenZ - მეღვინეობა, როგორც იდენტობა

მე ვარ აჩი ზაუტაშვილი, პროფესიით მეღვინე.აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სტუდენტი და 8000 მოსავალის, აბაშიძის ფილიალის ღვინის კონსულტანტი. 

როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ: 

მევენახეობა-მეღვინეობა ჩვენი ქვეყნის 8000 წლიანი უწყვეტი კულტურაა,რომლის სიღრმისეულად შესწავლა ჩემთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა.ვთვლი,რომ აღნიშნული სფერო ძალიან პერსპექტიულია, რადგან იგი ყოველთვის ვითარდება და ძალიან მრავალფეროვანია.მეღვინეობასთან ხშირი შეხება ადრეულ ასაკში არ მქონია,მინახავს ღვინის დაწურვის პროცესი ოჯახში და ოჯახს გარეთ.ყოველთვის მაინტერესებდა რა აზრი და ფილოსოფია იდო ამ პროცესის უკან.ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო გადავწყვიტე ჩამებარებინა ამ ფაკულტეტზე და სიღრმისეულად გავცნობოდი მას. 

რატომ ავირჩიე ეს პროფესია: 

ვინაიდან უნივერსიტეტის პირველი წელი იყო საორიენტაციო და სტუდენტებს ეძლეოდათ დრო კონკრეტული ფაკულტეტის ასარჩევად, გადავწყვიტე მემუშავა ღვინის სფეროში,კონკრეტულად ღვინის ბარსა და მაღაზიაში და მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება. ამ აქტივობამ კიდევ უფრო ხელი შემიწყო გადაწყვეტილების მიღებაში. განვლილმა გამოცდილებამ დამანახა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი-შეიძლება ადამიანი საათების განმავლობაში რეცხავდეს მარანში არსებულ ქვევრს,მაგრამ მეორე დღეს ლამაზად გაწყობილ სადეგუსტაციო მაგიდასთან იჯდეს და აგემოვნებდეს იმავე ჭურჭლიდან დაყენებულ ღვინოს.სწორედ ამ კონტრასტის აღმოჩენის გამო ავირჩიე ეს პროფესია-ღვინის შექმნის სირთულე და შემდეგ ამ პროდუქტის შეცნობის სილამაზე და მრავალფეროვნება.

 ჩემი მიზანია: 

უნივერსიტეტსა და 8000 მოსავალში დაგროვილი მცირეოდენი გამოცდილების ხარჯზე,ჩემს კოლეგასთან ერთად წამოვიწყე სტუდენტური დეგუსტაციების ჩატარება ზემოთ აღნიშნულ ღვინის ბარში,რაც გულისხმობს მევენახეობა-მეღვინეობის მოსწავლეების დაპატიჟებას და გაცნობითი თემატიკის დეგუსტაციების წარმართვას. ჩემი მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიარო ცოდნა და გამოცდილება,მცირეოდენით დავეხმარო პროფესიის სპეციფიკურობის გააზრებაში და უბრალოდ ვიურთიერთო მათთან ღვინის საშუალებით.

 რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე რასაც ვაკეთებ: 

ის,რომ ჩემი პროფესიით ბევრ ადამიანს ვეხმარები ქართული კულტურისა და ღვინის შეცნობაში. ასე ვთქვათ,შუამავალი ვარ მათსა და ღვინოს შორის. ეს პროცესი ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.ვფიქრობ,რომ ღვინო არა მხოლოდ უნიკალური პროდუქტი,არამედ უნიკალური გზაა ადამიანებთან საურთიერთოდ. 

რა აკლია ქართულ მეღვინეობას ? 

იმის მიუხედავად,რომ  პატარა ქვეყანა ვართ,ვთვლი რომ ძალიან ბევრი გამორჩეული რეგიონი და ტერუარი გვაქვს,შესაბამისად შეგვიძლია მრავალფეროვანი და განსხვავებული ღვინის წარმოება,უბრალოდ საკმარისი რესურსი არ გვაქვს ამ ყველაფრის გასაკეთებლად.ვფიქრობ ეს განგვასხვავებს სხვა ქვეყნებისგან. 

რჩევები მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას:

მევენახეობა-მეღვინეობა ძალიან სპეციფიკური სფეროა,ამის გამო ვფიქრობ რომ საკმარისი და და საჭირო ინფორმაციების მოძიება აუცილებელია.ბოლოს ვურჩევდი,რომ ყველაფერი გამოუვათ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროფესიას აქცევენ საკუთარი იდენტობის ნაწილად.

I BUILT MY SITE FOR FREE USING