მე ვარ გაბრიელ მენაბდე სომელიე, ვსწავლობდი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე. ჩემი აზრით ამ უნივერსიტეტში სწავლის დროს გაქვს ყველანაირი პირობა, რომ ჩამოყალიბდე პროფესიონალად. შესაბამისად მოტივირებულ სტუდენტს თავისუფლად შეუძლია გახდეს წარმატებული, ასეთ ხალხს კი საბედნიეროდ ბევრს ვიცნობ.
როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ:
ჩემს ამ სფეროში ყოფნას კონკრეტული მიზეზი არ აქვს. ზოგადად როგორც ქართული ოჯახების უმეტესობა, მეც ბავშვობიდანვე ვიყავი ჩართული ტრადიციულ რთველში, თუმცა მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა რა ძვირფასი იყო საქართველოსთვის მეღვინეობა. დროთა განმავლობაში კი ჩემი ინტერესიც იზრდებოდა, რაშიც მშობლებს დიდი წვლილი მიუძღვით. რთვლის პერიოდს მუდმივად იმერეთში დედულეთში ვატარებდი ჩემს და-ძმებთან ერთად, ამას იმიტომ ვამბობ , რომ საყვარელი ადამიანების გვერდში დგომა იმ პროცესში, როცა ირჩევ პროფესიას ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩემი მიზანია:
კონკრეტული მიზნები არ მაქვს და არც მინდა, რაიმე ძალიან კონკრეტულის გაკეთება დავისახო მიზნად, რადგან ვფიქრობ, რომ მიზნის მიღწევის შემდგომ გიჭირს განვითარება. ზოგადად ამ საკითხზე ბევრს ვფიქრობ და რაიმე დასკვნებამდე ჯერ არ მივსულვარ... ამ ეტაპზე მინდა ვიყო იქ და ის სადაც ვარ და ვინც ვარ.
რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე რასაც ვაკეთებ:
ამ ეტაპზე შატო ბუერას სომელიეს პოზიციაზე ვარ და კითხვასაც ამის მიხედვით ვუპასუხებ.
ჩემთვის მოტივაცია რამდენიმე ნაწილისგან შედგება, ერთია ადგილი სადაც ვარ და ამ საკითხში ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა და მეორე სტუმართან ურთიერთობაა. მოგეხსენებათ სომელიეს ძირითადი საქმიანობა ხალხთან კომუნიკაციაა. დეგუსტაციის დროს, რომ მისმევენ ბევრ კითხვას ეს ფაქტი ძალიან მომწონს, რადგან ვფიქრობ, რომ იქ სადაც კითხვები ჩნდება ინტერესიც დიდია. ეს კი მოტივაციას მაძლევს. ყოველთვის ვცდილობ არასდროს დამრჩეს კითხვა პასუხის გარეშე, ამიტომაა საჭირო მუდმივი სწავლა.
რა აკლია ქართულ მეღვინეობას:
ამ კითხვაზე მხოლოდ ჩემს კეთილ სურვილს მოგახსენებთ. უკვე ორი წელია რაც თბილისიდან კახეთში გადავედი საცხოვრებლად და ასე თუ ისე შევისწავლე აქაურობა, ვფიქრობ თელავი უნდა იყოს წამყვანი საგანმანათლებლო ქალაქი მეღვინეობის მიმართულებით მთელს საქართველოში. სტუდენტის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მგონია პატარა ასაკშივე გარემოს გამოცვლა, რაც ძალიან დიდი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილებაა. გარდა ამისა ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს მეღვინეობის უმეტესი ნაწილი სწორედ კახეთზე მოდის, ეს კი ძალიან დიდი შესაძლებლობაა სტუდენტისათვის, როგორც სწავლისთვის ასევე სამუშაოდ.
რჩევები მათ ვინც ეხლა ირჩევს ამ პროფესიას:
აქაც ასევე სურვილით შემოვიფარგლები რადგან რჩევების გაცემას დიდი გამოცდილება ჭირდება.
ჩემი დაკვირვებით პროფესიის არჩევას ძალიან რთულად აღვიქვამთ, თითქოს ცხოვრების გზაგასაყარზე ვართ და ან გამოვა ან არა, სტუდენტებს ვეტყოდი რომ მსგავსი ფიქრები უსარგებლოა და მგონია რომ არც არის საჭირო კონკრეტული პროფესიის ქონა უბრალოდ იფიქრეთ რისი კეთება მოგწონთ დააკვირდით საკუთარ თავს თუ ამჩნევთ, რომ ვითარდებით ესე იგი გიპოვიათ საყვარელი საქმე. თუ აბარებთ მეღვინეობაზე აუცილებლად დაიწყეთ საქართველოს მეღვინეობის ისტორიის შესწავლა თუ შეგიყოლიათ სავარაუდოდ თავს ვეღარც დააღწევთ.