გიორგი ლაზარიაშვილი #GenZ

მე ვარ გიორგი ლაზარიაშვილი. პროფესიით მევენახე-მეღვინის ბაკალავრი. განათლება მივიღე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. 

როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ?

 უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მქონდა სურვილი, მეტი პრაქტიკული გამოცდილება მიმეღო, ამიტომ წლევანდელი რთველი გავატარე „დუგლაძეების ღვინის კომპანია“-ში, სადაც მიღებული გამოცდილება დამეხმარა პროფესიულ ზრდაში, რადგან შეხება მქონდა, როგორც ღვინის წარმოების კუთხით, ასევე მაღალ ალკოჰოლური სასმელების მიმართულებით. 

რატომ ავირჩიე ეს პროფესია? 

საბაბი იმისა, რომ საფუძვლიანად შემესწავლა ეს დარგი, გახლდათ ბუნებისა და მცენარეების სიყვარული, ასევე ჩემი ოჯახის ყოველწლიური ჩართულობა ყურძნის შეძენიდან შემდგომ დაწურვასა და დაღვინებამდე. ყოველთვის მიზიდავდა და მსიამოვნებდა ეს პროცესი. ის ფაქტიც, რომ ეს დღე დღესასწაულად გადაიქცეოდა და ახლობელი ადამიანები ჩვენთან ერთად დიდი მონდომებით ერთვებოდნენ პროცესში, რასაც ღვინის შექმნა ჰქვია, ყოველთვის სასიამოვნო იყო ჩემთვის. ამ ყველაფერმა მიბიძგა მიმეღო პროფესიული ცოდნა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნელ-ნელა უფრო მეტად ვინტერესდებოდი ღვინის ხარისხის გარჩევით და ადგილობრივი ღვინოებისა თუ ვაზის ჯიშების შესწავლით. 

ჩემი მიზანია: 

მაქვს სურვილი მეტად გავიღრმაო ცოდნა და შემდგომში შევქმნა ჩემი პირადი მარანი. დღესდღეობით ჩართული ვარ ვენახების გაშენების პროცესში. ბაკალავრიატზე სწავლის მეორე კურსზე გამიჩნდა ინტერესი გამეშენებინა მცირე ვენახი ქართლში, კერძოდ მცხეთაში, სადაც იქნებოდა წარმოდგენილი ჯიში, რომელიც ამ რეგიონში დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. ამ პროცესის გადაწყვეტაში კი დამეხმარა ქართულ და მსოფლიო მეღვინეობა-მევენახეობაში გამორჩეული და ღვაწლმოსილი ადამიანი, ბატონი ვაჟა გოცირიძე და მისი რჩევით გადავწყვიტე გამეშენებინა ვენახი - ძველი ქართული მეთოდით  (ჯიში ხიხვი). ამ ყველაფერმა, კი მოტივაცია გამიჩინა უკეთ გავიცნო როგორც ქართული, ისე მსოფლიო მეღვინეობა-მევენახეობა. 

რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის რასაც ვაკეთებ?

 უპირველეს ყოვლისა, მოტივაციას მაძლევს ქვეყანა , სადაც დავიბადე და გავიზარდე. იგი მსოფლიო მევენახეობის - მეღვინეობა აკვანია, რომელიც გვაძლევს დარგში დაინტერესებულ პირებს ამოუწურავ ინფორმაციას ვაზსა და ღვინოზე. ვფიქრობ, ერთადერთი პროფესიაა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მასთან ერთად დაიბადა, ამიტომ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საქმეს. 

რა აკლია ქართულ მეღვინეობას? 

ჩემი აზრით, ქართულ მეღვინეობას  აკლია მსოფლიო სარბიელზე მეტად წარდგენა , რათა უფრო მეტი სტიმული მიეცეთ მეღვინეებს, რაც თავის მხრივ მეტად გაზრდის მოთხოვნას და ჩვენი ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას კონკურენტუნარიან გარემოში. 

რჩევა, მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას?

დაინტერესებულ ადამიანებს ვურჩევდი, რომ უპირველეს ყოვლისა, გაეცნონ და გაიღრმაონ ცოდნა ამ პროფესიაში, ასევე აუცილებლად შეიყვარონ ის, რადგან სიყვარულისა და ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია გაგიჩნდეს სურვილი, შექმნა ახალი და საინტერესო.

I BUILT MY SITE FOR FREE USING