მე ვარ გრიგოლ ნეფარიძე, მევენახეობა-მეღვინეობის ბაკალავრი და მაგისტრი, საოჯახო მეღვინეობა "ვინი ამარეს" დამფუძნებელი და მეღვინე.
როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ:
ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. ბავშვობიდან ვუყურებდი, როგორი სიყვარულითა და გულმოდგინედ ემსახურებოდა ჩემი ოჯახი ამ სფეროს და ძალაუნებურად მეც ადრეული ასაკიდან „მოვიწამლე“ მეღვინეობის სიყვარულით. ბავშვობის შემდეგ, რაც ჩემი დამოუკიდებელი აზრი ჩამომიყალიბდა და გავიაზრე, თუ როგორ არის სამყარო მოწყობილი, მივხვდი, რომ ღვინის შექმნის სრული ციკლი ყურძნის ტკბილიდან სადეგუსტაციო ჭიქამდე სარკის ანარეკლივით იმეორებს ადამიანის ზრდისა და ჩამოყალიბების თანმიმდევრობას, რამაც კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში, რადგან ყოველ წელს მეძლევა შანსი ამ მეტამორფოზს ჩემი თვალით დავაკვირდე და გავიაზრო.
რატომ ავირჩიე ეს პროფესია:
მე ბავშვობიდან ვარ შეყვარებული ამ პროფესიაზე, მომწონს, როდესაც ვხედავ დასრულებულ, შესანიშნავ პროდუქტს, წმინდა სითხეს, რომლის ღვინოდ ჩამოყალიბებაში, რაღაც მინიმალური წვლილი მეც მიმიძღვის, ჩემი როგორც მეღვინის მიღებული გადაწყვეტილებებით და ქმედებებით. ჩემს საოჯახო წარმოებას ვინი ამარე ჰქვია და მიმაჩნია, რომ ჩემს სათქმელს ყოველ წელს ჩემი ღვინოების დახმარებით გადავცემ ჩემი პროდუქტის მომხმარებლებს და დამგემოვნებლებს. მეღვინე იმგვარად ერევა ვინიფიკაციის პროცესში, რომ ძალაუნებურად მისი ხასიათი, მონდომება თუ აზროვნება აუცილებლად აისახება მის მიერ შექმნილ პროდუქტში.
ჩემი მიზანია:
ჩემი მიზანია, რაც შეიძლება შორს გავიტანო ქვეყნის გარეთ ქართული ღვინისა და ვინი ამარეს სახელი, რომელიც მომხმარებლისთვის იქნება მაღალი ხარისხის გარანტი. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ქართული, მივიწყებული, ენდემური ჯიშების აღდგენასა და მათ მეღვინეობაში უკან დაბრუნების საქმეში, სწორედ ამიტომ დავიწყეთ შარშან ვინი ამარეს ვენახში იმერული ენდემური ჯიშის, რკო შავის გაშენება და ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ უფრო მეტ მივიწყებულ ჯიშთან მექნება საქმე.
რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე, რასაც ვაკეთებ:
ყველაზე დიდ მოტივაციას მაძლევს მომხმარებლების დადებითი შეფასებები ჩემი შექმნილი პროდუქტის დაგემოვნების შემდეგ. ამ დროს ვხვდები, რომ მთელი წლის შრომას, ზრუნვას და ნერვიულობას ფუჭად არ ჩაუვლია. ეს ყველაფერი ძალიან დიდ სტიმულს გაძლევს მეღვინეს, რომ კიდევ უფრო მეტად მოინდომო და შენს მომხმარებლებს იმედი არ გაუცრუო ახალი მოსავლის გასინჯვის შემდეგ.
რა აკლია ქართულ მეღვინეობას:
ქართულ მეღვინეობას ყველაზე მეტად აკლია ცოდნა, სიახლეების შემოტანა და დანერგვა ჩვენს რეალობაში, აღჭურვილობის განახლება, რომელიც ყოველწლიურად იხვეწება იმისთვის, რომ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი ნაკლები ძალისხმევით მივიღოთ. თუ გადავავლებთ თვალს ქართული მეღვინეობის ისტორიას, ხშირად გაოცებული დავრჩებით და ჩვენს თავს დავუსვამთ კითხვას, საიდან იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა ის ყველაფერი, რაც ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შეგვიძლია დავასკვნათ. ასეთი მაგალითები არაერთია და ეხება როგორც ვენახის მოვლას სხვადასხვა ბიო თუ ნატურალური პრეპარატებით, ისე მარნის და ქვევრის ჰიგიენას ბიო-პესტიციდური და კონსერვანტულ ბუნების მცენარეების და სხვა ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყენებით.
ჩემი აზრით, ამის პასუხი ის გახლავთ, რომ ადამიანები ძალიან დავშორდით ბუნებას,მცენარეებს შესაბამისად აღარ გვესმის და ვეღარ ვაკვირდებით სამყაროში იმას, რასაც ადრე ჩვენი წინაპრები დაკვირვების შედეგად ხვდებოდნენ და შემდეგ საქმეში წარმატებით იყენებდნენ.
რჩევები მათ, ვინც ეხლა ირჩევს ამ პროფესიას:
მათ, ვინც ფიქრობს, აირჩიოს თუ არა ეს პროფესია, ყველას ვურჩევდი, რომელიმე საწარმოში ან მარანში მოხალისედ იმუშაოს თუნდაც 1 თვით, ეს პერიოდი საკმარისია იმისთვის, რომ დარწმუნდე ადამიანს ნამდვილად გსურს თუ არა ამ სფეროში მოღვაწეობა, მსხვერპლად გაღებულმა ერთმა თვემ კი შესაძლოა უნივერსიტეტში ფუჭად დაკარგული 4 წლისგან იხსნას ადამიანი. ადამიანები მიჩვეული ვართ კინემატოგრაფიასა და რეკლამებში ვენახის ფონზე კარგად შერჩეული რაკურსით მზის ჩასვლის ყურებას, გაზაფხულის ყინვებისგან დასაცავად ღამით ცეცხლით განათებულ ულამაზესი ვენახის კადრების ნახვას, ანდაც თვალუწვდენელ საცავში ღვინის დაგემოვნების რომანტიკულ კადრებს, თუმცა ამ ყველაფრის უკან დგას ძალიან ბევრი შრომა,ნერვიულობა, ცოდნა და თავდადება რასაც პრაქტიკის გარეშე ვერასდროს მივხვდებით. ეს არის საქმე, რომელიც მთელი სიყვარულით, მოთმინებითა და მონდომებით უნდა აკეთო, სხვაგვარად შეუძლებელია წარმატების მიღწევა.