დეკო თურქაძე #GenZ - პროფესიის დასაფასებლად

მე ვარ დეკო თურქაძე, მიმდინარე წელს ვასრულებ აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამას და ვაპირებ სწავლის გაგრძელებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ენოლოგიისა და მევენახეობის სამაგისტრო პროგრამაზე. 

როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ:  

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ წარმატების მიღწევა ძალიან მარტივია, თუ სწორ ადგილას მოხვდები (ინტერესების შესაბამისად) და შრომას არ დაიზარებ. ვცდილობ, ყველა მიმართულებით მივიღო გამოცდილება და რაც შეიძლება მეტი ცოდნა დავაგროვო. ამჟამად ვმუშაობ 8000 მოსავალში და ეს გამოცდილებაც ძალიან მეხმარება სწავლის პარალელურად პროფესიულ ზრდაში. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან მადლიერი და ბედნიერი ვარ, რომ ვარ მათი გუნდის წევრი ვარ. 

რატომ ავირჩიე ეს პროფესია: 

 ყოველთვის მომწონდა ისეთი სფერო, რომელიც ეხებოდა აგრარული მეცნიერებების განვითარებას. მეღვინეობა და მევენახეობა მათ შორის ყველაზე მიმზიდველი იყო მისი 8000 წლიანი ისტორიიდან გამომდინარე.  ღვინოსთან ურთიერთობა ჩემთვის უცხო არ ყოფილა (ოჯახში ყოველ წელს აყენებდნენ ღვინოს და ეს “პროცესიც” ძალიან სახალისოდ მეჩვენებოდა). ღვინის ტექნოლოგიით პირველად საბერძნეთში მოგზაურობისას დავინტერესდი, როდესაც ვესტუმრე ღვინის საწარმოს.  პროფესიის არჩევაში ამ ყველაფერმა  დიდი როლი ითამაშა. ამასთან ერთად განსაკუთრებით მომწონს სომელიეს პროფესია ღრმა ბავშვობიდან, ალბათ იმიტომ, რომ უცხო იყო ჩემთვის და უფრო დასაფასებლად მიმაჩნდა. დღესაც იგივე აზრზე ვარ, რაც უფრო ვუღრმავდები ამ პროფესიას, მით უფრო დიდ ინტერესს იწვევს ის ჩემში (ვენახიდან დაწყებული, ღვინის ტექნოლოგიით და საბოლოოდ ღვინის სერვირებითა და კერძთან შეხამებით დამთავრებული).

 ჩემი მიზანია: 

ჩემი მიზანია მივიღო ცოდნა იმ ქვეყნებში, სადაც მეღვინეობა-მევენახეობა უკეთ არის განვითარებული და ეს ცოდნა საქართველოში გამოვიყენო. ყოველთვის სურვილი მქონდა,ჩემი ცოდნის რეალიზება ჩემივე ვენახში დამეწყო და დავიწყე ვენახის გაშენება ჩემს ძმასთან ერთად, რაც ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს, თუმცა ჯერ  კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. 

რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე რასაც ვაკეთებ:

 ღვინოსთან და ვენახთან მუშაობა ჩემთვის ყოველთვის დაკავშირებულია ბედნიერებასთან. სასიამოვნოა ისეთ გარემოში მუშაობა, სადაც თავს კომფორტულად გრძნობ. ხშირად ეს პროფესია, თუნდაც ის სამუშაოები, რაც ვენახშია შესასრულებელი ძალიან სახალისოდ მეჩვენება იმ ადამიანებთან ერთად, ვინც გვერდში მიდგას და მეხმარება. მთავარი მოტივაცია ამ საქმეში არის ის, რომ მე მიყვარს რასაც ვაკეთებ, კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ამით. 

რა აკლია ქართულ მეღვინეობას: 

ჩემი აზრით, ქართულ მეღვინეობას აკლია მეტი შესაძლებლობა ჩემი ასაკის ადამიანებისთვის ( თუმცა არამარტო), ვინც დაინტერესებულია ამ მიმართულებით. ჩვენს მეღვინეობას აკლია განვითარების ხელშეწყობა, რაც გამოიწვევს ახალგაზრდების უფრო მეტად ჩართულობასა და მეტად დაინტერესებას.

 რჩევები მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას: 

მთავარი რჩევა ჩემგან იქნება ის, რომ არანაირ შესაძლებლობაზე არ თქვან უარი, მიუხედავად იმისა, ღვინის ტექნოლოგობას აპირებ, მევენახეობას თუ ა.შ. ყველაფერი იმდენად გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, ძალიან მნიშვნელოვანი ფლობდე ინფორმაციას. სასურველი და ვფიქრობ, აუცილებელიც არის ენების ცოდნაც. ამ პროფესიაში საჭიროა გიყვარდეს შრომა.

I BUILT MY SITE FOR FREE USING