ელენე ჯაღმაიძე #GenZ - მეღვინეობის აღმოსაჩენად

მე ვარ ელენე ჯაღმაიძე, აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ბაკალავრი, მოქმედი მეღვინე. 

როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ:  

გამომდინარე იქიდან, რომ ეს სფერო არც თუ ისე პატარაა, სწავლის პარალელურად სხვადასხვა როლში ვცადე ჩემი თავი: ღვინის საწარმოში მუშის პოზიციიდან დაწყებული, რომელიც არც თუ ისე მარტივია ქალი მეღვინისათვის, გაგრძელებული ლაბორატორიაში მუშაობით, რომელიც მე თუ მკითხავთ ერთ-ერთი აუცილებელი რგოლია ამ სფეროსთვის. შემდეგი ეტაპი სომელიედ მუშაობა იყო. ამ ყველაფრის ფონზე კი გავაცნობიერე, რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო იქნებოდა უშუალოდ წარმოებაში ყოფნა, სწორედ ამ დროს მქონდა შემოთავაზება და ერთ-ერთ საოჯახო მეღვინეობაში დავიწყე ასისტენტ მეღვინედ მუშაობა, სადაც ამჟამად ვარ.

 რატომ ავირჩიე ეს პროფესია: 

როგორც უმეტეს ქართველს, მეც ბავშობიდაბ მქონდა შეხება რთველთან, ვენახის მოვლასთან, ყურძნის დაწურვასა და დაყენებასთან. ამ პერიოდში უამრავი კითხვები „მაწუხებდა“, რომელზეც პასუხი ან ცოტას ჰქონდა ან არ ჰქონდათ. სანამ უშუალოდ ბაკალავრზე დავიწყებდი სწავლას, გავიარე სხვადასხვა კურსი მეღვინეობის დარგში და გავაცნობიერე, რომ ეს ნამდვილად ის პროფესია იქნებოდა, რომელშიც კითხვები ისევ გამიჩნდებოდა, თუმცა პასუხის გაცემა უკვე საინტერესო, სასიამოვნო და მრავლის მომცემი იქნებოდა ჩემთვის. ასე იქცა მრავლის მომცველი კითხვებიდან დაწყებული ინტერესის სფერო ჩემს პროფესიად, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ და სიყვარულით ვაკეთებ საქმეს. 

ჩემი მიზანი:

 ჩემი მიზანი დღეს არის, რომ რაც შეიძლება მეტი გამოცდილება დავაგროვო და უფრო კარგად მოვემზადო მომავალი გამოწვევებისთვის. რა თქმა უნდა მუშაობასთან ერთად სწავლასაც ვაგრძელებ და ვთვლი, რაც მეტს გავაკეთებ მით მეტი მექნება გასაკეთებელი.

რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე რასაც ვაკეთებ:

 მევენახეობა-მეღვინეობა საკმაოდ დიდი სფეროა, უამრავი ექსპერიმენტების დაგეგმვის და რეალიზების შესაძლებლობით. მსოფლიოს მასშტაბით სამი სახის ტექნოლოგია არსებობს ერთ-ერთი კი ჩვენია, ეს უკვე უსვამს ხაზს იმას, რომ საკმაოდ დიდი ფანტაზიის ადამიანები ვართ ქართველები, აქედან გამომდინარე ვიტყოდი, რომ ამ სფეროს შესწავლის და მეტის გაგების სურვილი, ინტერესი და სიყვარული იმხელა მაქვს, რომ სხვა მოტივაციაზე ვეღარ ვილაპარაკებ. 

რა აკლია ქართულ მეღვინეობას: 

ქართულ მეღვინეობას უდიდესი ისტორია აქვს. ეს ძალიან კარგია. თუმცა მაინც ვთვლი, რომ ქართველ ადამიანს უჭირს შენიშვნებთან თუ რჩევებთან თვალის გასწორება და აღიარება, რომ კი შენზე ჭკვიანებიც არსებობენ. პირველ რიგში, მეღვინეები უნდა გახდნენ პროგრესისა და რჩევებისადმი მიმღებლურები და რაც შეიძლება მეტი იკითხონ და განავითარონ მათი ცოდნაც და შედეგიც.

 რჩევები მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას:

პირველ რიგში სიყვარულით მოეკიდონ ყოველ თავიანთ საქმეს, რაც შეიძლება მეტი და მეტი პრაქტიკული გამოცდილება დააგროვონ. რა თქმა უნდა თეორიასთან ერთად და არასდროს მოერიდოთ კითხვის დასმა.

I BUILT MY SITE FOR FREE USING