მე ვარ თაკო მოსემღვდლიშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ბაკალავრის კურსდამთავრებული. ამჟამად ვარ "Flags Wine Bar"-ის სომელიე.
როგორ და რატომ მოხვდი იქ სადაც ვარ:
ვენახთან და ღვინოსთან ბავშვობიდან მქონდა კავშირი, თუმცა პროფესიული კუთხით მანამდე არასდროს შემიხედავს, სანამ აბიტურიენტობისას აგრარულ უნივერსიტეტში შემთხვევით გაცნობით პროგრამაზე არ მოვხვდი, მაშინვე მოვიხიბლე ამ პროფესიით. მევენახეობა-მეღვინეობა საკმაოდ რთული და შრომატევადი, თუმცა ამავდროულად ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსეა. ყოველ რთველზე ახალ გამოწვევებსა და სირთულეებს ვხვდებით, რის შედეგადაც ვიზრდებით, გამოცდილებას და ცოდნას ვაგროვებთ.
რატომ ავირჩიე ეს პროფესია:
პროფესიის არჩევა საკმაოდ რთულია, ყოველთვის მინდოდა ისეთი რამ მეკეთებინა, რაც სიამოვნებას მომანიჭებდა და საშუალებას მომცემდა ჩემი თავი მაქსიმალურად გამომეხატა. ღვინო სწორედ ეს არის ჩემთვის, საკუთარი თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალება.
ჩემი მიზანია:
ვაპირებ სწავლა გავაგრძელო გერმანიაში, შემდეგ კი რაც შეიძლება ბევრი ქვეყნის მეღვინეობას გავეცნო, ვისწავლო და დავაგროვო გამოცდილება, რასაც მომავალში საკუთარი მეღვინეობის შექმნაში გამოვიყენებ.
რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე რასაც ვაკეთებ:
მოტივაციას ღვინის დაყენებისა და სწავლის პროცესი მაძლევს, რის შედეგადაც ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი შრომის შედეგს ვხედავ და ამას სხვებსაც სიხარულით ვუზიარებ.
რა აკლია ქართულ მეღვინეობას:
პირველ რიგში ქართულ მეღვინეობას სწორად მოვლილი ვენახი სჭირდება, რადგან სწორედ აქედან იწყება ღვინის გზა. ასევე ღვინის ხარისხის ზრდა, რაც მოითხოვს ბევრ ექსპერიმენტს, რესურსს და კვალიფიციურ ახალი თაობას.
რჩევა მათ, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას:
საჭიროა კარგად გაიაზრონ ამ პროფესიის ყველა მხარე და არასოდეს შეუშინდეთ გამოწვევებს, რასაც საქართველოში, ამ სფეროში საკმაოდ ხშირად შეხვდებით. მთავარია აკეთო ის საქმე რაც გიყვარს და სიამოვნებას განიჭებს, ყოველთვის საკუთარი თავის უკეთესი ვერსიისკენ მოძრაობდნენ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევ.