მე ვარ თამარ ზაკალაშვილი, პროფესიით მეღვინე, თუმცა ამჟამად მეღვინეობა გიუანის სომელიე და Creator Company-ის „ღვინის დღე რაჭაში“ - ტურ ლიდერი.
როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ:
იქ სადაც ვარ, ღვინის სიყვარულმა მომიყვანა. ბავშვობიდან ჩემი მისაბაძი პიროვნება იყო პაპა, ვხედავდი თუ როგორი დიდი სიყვარულით და სითბოთი ექცეოდა ყურძენს, ღვინოს, რომელსაც მერვე სართულზე აყენებდა შუშის ბოცებში. დღეს უკვე არაერთი ღვინო გამისინჯავს, მაგრამ ისეთი სასიამოვნო, ჰარმონიული და ემოციური არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, როგორიც პაპას ღვინო. სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე ამ პროფესიას გავყოლოდი.
რატომ ავირჩიე ეს პროფესია:
ბავშვობიდან მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ მინდოდა ისეთ სფეროში ყოფნა, სადაც გამუდმებით მექნებოდა შეხება ჩემს ქვეყანასთან, რადგან ძალიან მიყვარს საქართველო. სწორედ ამიტომ ავირჩიე ღვინო, როგორც პროდუქტი, არამხოლოდ კარგი დროის გასატარებლად და მისართმევად, არამედ როგორც ჩვენი ქვეყნის ნათელი მხარე - მეცნიერება ჭიქაში, რომელიც აერთიანებს უდიდეს ცოდნას, შრომას, სიყვარულსა და მზრუნველობას.
ჩემი მიზანია:
ჩემი ორივე სამსახური აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ღვინო, აინტერესებთ საქართველოს ისტორია, ქართული ჯიშები და ტექნოლოგია, არამხოლოდ ევროპული, არამედ ტრადიციული ქართული ღვინო - ქვევრში. ჩემი მიზანი სწორედ ისაა, რომ მივიტანო ჩემი ცოდნა და ემოცია სწორად მომხმარებლამდე. ვასწავლო, თუ რამდენს ნიშნავს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ღვინო, რომელიც აერთიანებს 8000 წლოვან კულტურასა და ტრადიციებს.
რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე, რასაც ვაკეთებ:
პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ბევრ ადამიანს არ აქვს ფუფუნება, უყვარდეს ის რასაც აკეთებს, ასე, რომ მე მოტივაციას ჩემი საქმის სიყვარული მაძლევს და ასევე დიდი ინტერესი ამ სფეროს მიმართ.
რა აკლია ქართულ მეღვინეობას:
ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუმცა ვიტყოდი კრიტიკის და რჩევების მიმღებლობა, რაც ხშირად სწყინთ ამ სფეროსი მოღვაწე ადამიანებს, მაგრამ ამავდროულად, ვფიქრობ, რომ ყოველდღიურად ქართველი მეღვინეები იზრდებიან, ბევრ რამეს სწავლობენ და უზიარებენ ერთმანეთს. განსაკუთრებით მახარებს ჩემნაირი ახალგაზრდების აქტიურობა.
რჩევები მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას:
აუცილებლად დაგჭირდებათ ფიზიკური და ემოციური სიმტკიცე, მოთმინება და ბრძოლისუნარიანობა. კარგი იქნება უცხო ენების ცოდნაც. გარდა ამისა, ვიტყოდი, რომ ჩვენს სფეროს სქესი არ აქვს, თუ გიყვარს ეს საქმე და საკმარისად ძლიერი ხარ, ყველაფერი გამოგივა.