მე ვარ თეკლა კობახიძე, აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი. ერასმუსის პროგრამის ფარგლებში გაცვლითი სემესტრით ვსწავლობდი გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში. ვენახსა და მარანში ვმუშაობდი როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში, ბაკალავრის დასრულების შემდეგ კარიერას ვაგრძელებ ჯერ იტალიაში, შემდეგ კი საქართველოში.
როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ:
ენთუზიაზმით და ჩემი მევენახე-მეღვინე მეგობრების მხარდაჭერით;
რატომ ავირჩიე ეს პროფესია:
აბიტურიენტობისას ერთადერთი პროგრამა, რომელიც მაინტერესებდა, მევენახეობა-მეღვინეობა იყო. ახლა ვთვლი, რომ სათანადოდ არ მქონდა გააზრებული, რისი კეთებაც მომიწევდა. თუმცა რამდენადაც რთული პროფესიაა, იმდენად და კიდევ უფრო მეტად საინტერესო. ყოველ შემდეგ საფეხურზე ვრწმუნდები ჩემი არჩევანის სისწორეში.
ჩემი მიზანი:
ამ ეტაპზე მივიღე ყველა შესაძლო ცოდნა და გამოცდილება;
რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე, რასაც ვაკეთებ:
ვაზის და ღვინის სიყვარული, რადგან ეს პროფესია არის მეცნიერება და ხელოვნება, რომელიც თითოეულ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანს აძლევს თავისუფლებას გაამჟღავნოს საკუთარი თავი.
რა აკლია ქართულ მეღვინეობას:
პირველ რიგში, ვისურვებდი მეტ შესაძლებლობას სტუდენტებისა და დამწყები მევენახე-მეღვინეებისათვის. ასევე ქართული ღვინის ინდუსტრიის ცნობადობის ამაღლებას მსოფლიოს მასშტაბით და ქართული ღვინის შესაბამის ბაზარზე რეალიზაციას.
რჩევები მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას:
გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა და არ შეუშინდნენ სირთულეებს, არ მოექცნენ სტერეოტიპების გავლენის ქვეშ და მუდმივად იყვნენ ახლის, უკეთესის ძიებაში.