მე ლიკა ვარ, პროფესიით მეღვინე. ამჟამად 8000 მოსავლის სომელიე.
რატომ და როგორ მოვხვდი იქ სადაც ვარ:
ჯერ კიდევ ბაკალავრიატის მე2 კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა უნივერსიტეტმა 8000 მოსავლის ვაკანსია შემომთავაზა. თავიდან კონსულტანტის პოზიციით დავიწყე, აქ აღმოვაჩინე, რომ მომწონდა ადამიანებთან ღვინოზე საუბარი. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ბრუნდებიან და მიზიარებენ ემოციებს იმ ღვინოებზე, რომლებიც ვურჩიე გაესინჯათ. მერე უკვე სომელიე გავხდი. 8000 მოსავალმა მომცა საკუთარი თავის რეალიზების საშუალება, აქ ყოფნისას გავიარე WSET-ის და ღვინის დეგუსტატორის კურსები, რამაც კიდევ უფრო გამიღრმავა ცოდნა როგორც ქართული ასევე უცხოური ღვინოების შესახებ.
რატომ ავირჩიე ეს პროფესია?
ქართული ღვინის კულტურა ყოველთვის მიმზიდველი და საინტერესო იყო ჩემთვის, თან ვიცოდი რომ ღვინო არასდროს მომბეზრდებოდა. ამან მიბიძგა უფრო ღრმად შემესწავლა ეს პროფესია.
ჩემი მიზანია:
ვფიქრობ, რომ სომელიეობა იდეალურად შეეფერება იმას, რომ ყოველთვის მოტივირებული ვიყო და მეტის სწავლა მსურდეს ამ სფეროს ირგვლივ. დიდი სურვილი მაქვს ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურო და გავსინჯო უცხოური ღვინოები და ბევრს მოვუყვე ჩვენს ტექნოლოგიაზე, ჯიშებზე, რეგიონებზე...
რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე, რასაც ვაკეთებ:
იყო სომელიე, უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ღვინის რეკომენდაცია, ეს არის მომხმარებლისთვის დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნა. ეს ყველაფერი კი მოტივაციას მაძლევს რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევაყვარო ქართული ღვინო.
რა აკლია ქართულ მეღვინეობას?
ჩემი აზრით სიახლეების მიღება გვიჭირს, ტრადიცია საამაყო და დასაფასებელია მაგრამ მხოლოდ წარსულზე საუბარი არ კმარა, მოქმედებაა საჭირო. მეტი ინფორმაციის მიტანა უნდა შევძლოთ ერთმანეთისთვის სკოლების, კურსებისა თუ ტრენინგების სახით, ეს ყველაფერი ხალხის ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. ცოდნაზე დაფუძნებული საქმის კეთება კი აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
რჩევები მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას:
მახსოვს როცა ამ პროფესიას ვირჩევდი უკვირდათ ქალისთვის რატომ აღმოჩნდა მიმზიდველი. თუმცა არ ვფიქრობ, რომ არსებობს ქალის და კაცის პროფესია, ეს სტერეოტიპი ვფიქრობ ამ დარგში დამსხვრეულია. მეღვინეობა საკმაოდ მრავალფეროვანი, საკუთარი თავის პოვნას აუცილებლად შეძლებთ, მთავარია მიჰყევით თქვენს პირად სურვილებს და სიყვარულით აკეთოთ მომავალი საქმე.