მე ვარ ლუკა სოსელია, პროფესიით ენოლოგი და სომელიე.
როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ:
ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო, 8 წლის ასაკში, როდესაც პირველად რთველში მივიღე მონაწილეობა, საოჯახო ვენახში ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ჯიში, გორული მწვანე დავკრიფეთ და მუხის ჩანებში ჩავწურეთ, აქედან წამოვიდა ინტერესი თვითონ ღვინოზე და მის შექმნაზე.
რატომ ავირჩიე ეს პროფესია:
ეს პროფესია ჩემთვის პირველ რიგში ტრადიციაა, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. ასოცირდება დადებით ემოციებთან და კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენს სამშობლოსთან და ბუნებასთან.
ჩემი მიზანია:
ქართული ავთენტური ჯიშების პოპულარიზაცია, ტექნოლოგიური მრავალფეროვნების დანერგვა და მაღალი ხარისხის და რაც მთავარია საინტერესო ღვინოების შექმნა, საბოლოოდ კი მსოფლიოსთვის ნამდვილი ქართული ღვინის ხასიათის გაცნობაა.
რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე, რასაც ვაკეთებ:
მოტივაციას პირველ რიგში ისევ საქმისადმი და პროფესიისადმი სიყვარული მაძლევს, ასევ ის, რომ ეს ერთიანი საოჯახო საქმეა და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი ისევ ოჯახისთვის და ქვეყნისთვის არის სასიკეთო.
რა აკლია ქართულ მეღვინეობას?
სამწუხაროდ, ქართულ მეღვინეობას დიდი ოდენობით პრაქტიკა და ცოდნა აკლია. მთავარია, რომ წინსვლა და განვითარება ჩანს და იმედია მაქვს მალე ყველაფერი უკეთესად იქნება, სწორად მოვუვლით ვენახებს და ვინიფიკაციის პრობლემებიც გათვალისწინებული გვექნება, ამავდროულად ჩვენს ტრადიციულ ქვევრის ტექნოლოგიას კიდევ უფრო დავხვეწავთ და გავაუმჯობესებთ, რითაც უფრო მეტად გავაცნობთ მსოფლიოს თავს.
რჩევა, მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას:
პირველი რჩევა ის იქნება, რომ გათვალისწინებული ჰქონდეთ ნამდვილად სურთ თუ არა ეს სფერო, რადგან საკმაოდ კომპლექსური პროფესიაა, დიდი ენერგია და ძალისხმევა სჭირდება, ამასთანავე დიდი ოდენობით ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება და ასე ვთქვათ საკმაო საპასუხისმგებლო დარგია.