მე ვარ მედეა მღებრიშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული.
როგორ და რატომ მოვხდი იქ სადაც ვარ:
ამჟამად ვიმყოფები ამერიკაში, სადაც მოხვედრა, სწავლა და გამოცდილების დაგროვება ჩემი დიდი, ერთი შეხედვით მიუღწეველი ოცნება იყო, თუმცა 2022 წელს გავიგე Mast International Exchange Program-ის შესახებ, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს აშშ-ში შეიძინონ, როგორც პრაქტიკული ასევე აკადემიური გამოცდილება. ამჟამად პრაქტიკებს გავდივარ „Flowers Winery and Vineyard“-ის ღვინის საწარმოში, ჰილდსბურგში, კალიფორნიაში, რომელიც ღვინის ქალაქის სახელითა ცნობილი.
რატომ ავირჩიე ეს პროფესია:
ყველაფერი დაიწყო იმით, როცა ბავშვობაში პაპამ საოცრად ლამაზი ნახატი მომიტანა და მისაღებ ოთახში დაკიდა. ნახატზე გამოსახული იყო მუზა, ვაზის ფოთლებით და მტევნებით დამშვენებული ღვინის ქალღმერთი. ხშირად ვუყურებდი და წარმოვიდგენდი საკუთარ თავს ამ საოცარი ქმნილების ადგილას. ერთ დღესაც გავაცნობიერე, რომ ეს იყო ჩემი ოცნება - გავმხდარიყავი „ღვინის გოგონა“. საბედნიეროდ ჩემს ოჯახშიც, მეღვინეობის ტრადიცია თაობიდან-თაობას გადაეცემოდა და დღეს მიხარია, რომ ამ ტრადიციას მეც ვაგრძელებ.
ჩემი მიზანია:
ჩემი მიზანია, რომ განათლება მივიღო ამერიკაში და ვნახო რაც შეიძლება მეტი ღვინის საწარმოს მუშაობის მექანიზმი, დავაგემოვნო, საინტერესო ღვინოები და უკვე ამ გამოცდილებით დავბრუნდე საკუთარ ქვეყანაში და ვაწარმოო ადგილობრივი, ნაკლებად გავრცელებული ჯიშებისგან დამზადებული მაღალი ხარისხის ღვინო, ჩემს მარანში, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ გრანტით აღჭურვილია ტექნიკით.
რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე, რასაც ვაკეთებ:
მოტივაციას მაძლევს მეღვინეობის სიყვარული და საკუთარი თავის განვითარების სურვილი. ალბათ, რომ არა ეს ვნება ღვინის მიმართ და სურვილი. რომ წარმატებული და შემდგარი პროფესიონალი ვიყო ვერაფერი მაიძულებდა რთვლის დროს კვირაში 80+ საათის მუშაობას.
რა აკლია ქართულ მეღვინეობას:
ჩემი აზრით ქართულ მეღვინეობას თამამი ნაბიჯები და მეტი ხელშეწყობა სჭირდება. მსოფლიოს გარშემო ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის ჩვენი ქვეყნის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ 8000 წლიანი უწყვეტი მეღვინეობის ისტორია გვაქვს. ჯერ კიდევ მწვავედ დგას ის საკითხიც, რომ ხალხს იზაბელა (ადესა), ვაქირულა და დირბულა საღვინე ჯიშები ჰგონიათ და დღემდე აწარმოებენ ამ ჰიბრიდული ჯიშებისგან ღვინოს, რომელიც ჯანმრთელობისთვისაც კი სახიფათოა. კი, ჩვენი ტრადიციაა ოჯახში ღვინის დაყენება, თუმცა უფრო აკადემიურად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს.
ქართულ მეღვინეობას აკლია განათლება, სწავლა და სწავლა. საერთოდაც, ყველა პროფესიის ადამიანმა თავისი საქმე უნდა აკეთოს და ვისაც ერთხელ ყურძენი მოუჭყლეტია, მეღვინეობას არ უნდა იბრალებდეს.
რჩევები მათ ვინც, ახლა ირჩევს ამ პროფესიას:
ეს გზა ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ იქნება, მოგიწევთ ძალიან ბევრი შრომა, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. თუმცა, თუ ნამდვილად გიყვართ ეს პროფესია დამიჯერეთ, ყველაზე დამღლელი დღის შემდეგაც კი ერთი ჭიქა კარგი ღვინო, საოცარ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ეს ყველაფერი ამ ემოციისთვის და თავგადასავლისთვის ღირს. ჩემი მთავარი რჩევა იქნება, რომ ეცადეთ რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში მიიღოთ გამოცდილება, რადგან საკუთარი ქვეყნის ღვინოების ცოდნა კარგია, თუმცა პროფესიონალი ვერ გახდები, თუა არ იცი სხვა წამყვანი ქვეყნები რა ტექნოლოგიებს, მეთოდებს იყენებენ და როგორც ღვინოებს აწარმოებენ.