ნუცა ღლონტი #GenZ

მე ვარ ნუცა ღლონტი, აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ბაკალავრი, ღვინის ბარის „დროშები ჩქარა“ - სომელიე და მენეჯერი.   

როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ: 

ერთხელ, თინეიჯერობის ასაკში მკითხეს, რა პროფესიას ვირჩევდი სამომავლოდ. სიმართლე გითხრათ, პასუხი არ მქონდა, მაგრამ არ დავიბენი და ეგრევე ვუპასუხე, რომ მეღვინეობა მინდოდა. დღემდე არ მაქვს ზუსტი პასუხი, რატომ ავირჩიე კონკრეტულად ეს პროფესია, თუმცაღა უნივერსიტეტში ჩაბარებისა და სწავლის პროცესში გავიაზრე, რომ სწორედ ოჯახის სამეცნიერო საქმიანობის შემყურეს შემყვარებია მეღვინეობა და მას შემდეგ დღითიდღე ღრმავდება ეს სიყვარული. 

რატომ ავირჩიე ეს პროფესია: 

როგორც უკვე აღვნიშნე, გადაწყვეტილება სპონტანური იყო, თუმცაღა ჩაბარებამდე და შემდგომ უკვე სწავლის პროცესში აღმოვაჩინე, რომ არჩევანი სწორ პროფესიაზე შევაჩერე. ყველაზე მეტად რაც მხიბლავდა და კვლავაც მხიბლავს ამ პროფესიაში, ისაა, რომ მთლიანად კულტურის ნაწილი და წარმომადგენელია. აერთიანებს როგორც მეცნიერებას, ქვეყნისა თუ კაცობრიობის ისტორიას, ასევე ხელოვნებას და საბოლოო ჯამში ერთ დიდ შემოქმედებით პროცესს ქმნის. ალბათ, სწორედ, ამ მრავალფეროვნებამ გადამაწყვეტინა მეღვინეობა ამერჩია. 

ჩემი მიზანია: 

მეტი და მეტი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება და სამომავლოდ საკუთარი პაწია მეღვინეობის შექმნაა ჩემი მთავარი მიზანი. 

რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე, რასაც ვაკეთებ: 

ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს იმის გაზიარება, რაც მომწონს, მიყვარს და აღმაფრთოვანებს. სტუმრებთან ღვინოზე საუბარი, უცხოელი სტუმრებისათვის კი ქართული ღვინის გაცნობა ნამდვილად მაძლევს მოტივაციას რომ უკეთ ვაკეთო საქმე და განვვითარდე.

რა აკლია ქართულ მეღვინეობას: 

ჩემი აზრით, აკლია მეტი გასაქანი დამწყები მევენახე-მეღვინეებისათვის, რაც უმნიშვნელოვანესია, რადგან, საბედნიეროდ, ამ პროფესიით უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება. ისე კი, ვფიქრობ, რომ ქართულ მეღვინეობას ყველანაირი რესურსი აქვს იმისათვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უნიკალური ნიშა ჰქონდეს. 

რჩევები მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას: 

მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას, ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად მოიძიონ სფეროს შესახებ ინფორმაცია არჩევანის გაკეთებამდე და თუკი, სწავლისას ან დასასრულს კონკრეტული განხრის არჩევა გაუჭირდებათ, არ შეუშინდნენ და გამოცადონ საკუთარი თავი ყველგან, სადაც კი საშუალება მიეცემათ.  

I BUILT MY SITE FOR FREE USING