საბა მზარეულიშვილი #GenZ - ახლის აღმოჩენაში

მე ვარ საბა მზარეულიშვილი, პროფესიით მეღვინე. ამჟამად მევენახეობა-ენოლოგიის მაგისტრატურის მოქმედი სტუდენტი და 8000 მოსავლის ბაგების ფილიალის მენეჯერი. 

როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ:  

საბუნებისმეტყველო საგნების სიყვარულის გამო ჩავაბარე აგრარული უნივესიტეტში, უშუალოდ მეღვინეობას კი პირველი კურსის ბოლოს გადავწყვიტე, როცა უფროს კურსელებისგან მივიღე ინფორმაცია, რამაც ნელ-ნელა „ჩამითრია“. მე და მამაჩემი სახლში ღვინოს სულ ვაყენებდით, რაც ყოველთვის მხიარული და ხანდახან რთული თავგადასავალი იყო. ღვინის „დაყენების“ გამოცდილება რადგან მქონდა ჩავთვალე ეს პროფესია არ უნდა გამჭირვებოდა. მეორე კურსზე კი როცა უკვე პროფესიული ზოგადი საგნების შესწავლა დავიწყეთ, მივხვდი, რომ მეღვინეობა მხოლოდ ყურძნის დაწურვა და ღვინის დალევა არ იყო. ძალიან დამეხმარა პროფესიონალი ლექტორების რჩევები და აზრები, რომლებსაც ლექციების დროს ვიღებდით. მალევე დავრწმუნდი, რომ საუკეთესო პროფესია მქონდა არჩეული და მას შემდეგ ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტი ვისწავლო და გავიღრმაო ცოდნა. 

რატომ ავირჩიე ეს პროფესია:

 ვფიქრობ, რომ ამ სფეროს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, ჩვენი ქვეყნის ისტორია, მევენახეობის რეგიონები და ყურძნის ჯიშების მრავალფეროვანი არჩევანი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. საქართველოში თუ შენი მიწა და ვენახები არ გაქვს, ან რაიმე კავშირი მეღვინეობა-მევენახეობასთან საკმაოდ რთულია ამ სფეროში თავის დამკვიდრება, ამიტომ საჭიროა ძალიან ბევრი შრომა, ღვინის წარმოების და რეალიზაციის ღრმა ცოდნა, რაც ჩემთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა. 

ჩემი მიზანია: 

ამ ეტაპზე ჩემი საკუთარი ღვინის წარმოება და ექსპერიმენტების ჩატარებაა. ასევე წამყვან ქვეყნებში მოგზაურობა და მათი გამოცდილების საქართველოში განხორციელება. რაც საბოლოო ჯამში ქართულ მეღვინეობას განავითარებს.

რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე, რასაც ვაკეთებ: 

 საქმისადმი სიყვარული და ძალიან დიდი ინტერესი. მეღვინეობა ისეთი სფეროა სადაც რაღაც ახლის აღმოჩენა შეგიძლია სულ, ყოველი მომდევნო რთველი განსხვავებულია, ეს საქმე მოსაბეზრებელი ვერასდროს ვერ გახდება.

 რა აკლია ქართულ მეღვინეობას:  

ხარისხი და ცოდნა, ბალანსი აკლია ღვინოსაც და ვენახსაც. მეღვინეები და მევენახეები ამ საქმეს არ უყურებ, როგორც პროფესიას, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ტრადიციაა და უმეტესობას  ოჯახიდან გამომდინარე აქვს შეხება ამ სფეროსთან და წინაპრებისგან გადმოცემულ (ხანდახან არასწორ) მეთოდებს იყენებენ. ღვინის ფასი და ხარისხი უნდა იყოს ადეკვატური. სწორ გზაზე ვდგავართ რაც მთავარია და ყოველ მომდევნო წელს უკეთესი ღვინოები გვხვდება ბაზარზე, ახალგაზრდა თაობამ, განსაკუთრებით GEN Z-ის წარმომადგენლებმა უნდა ვიზრუნოთ ამაზე და მჯერა რომ დაახლოებით 20-30 წელიწადში საქართველო ერთ-ერთი წამყვანი მეღვინეობის ქვეყანა გახდება, შეიძლება გასაოცარი რაოდენობა არ ვაწარმოოთ მაგრამ მთავარია ყველა ღვინო იყოს უმაღლესი ხარისხის, ჰარმონიული და დაბალანსებული. 

რჩევები მათ ვინც, ახლა ირჩევს ამ პროფესიას: 

ვურჩევ რომ კარგად გაიაზრონ და შემდეგ აირჩიონ ეს სფერო, ერთი თვით წავიდნენ რომელიმე ღვინის საწარმოში სამუშაოდ და ამ ერთი თვის მერე თუ მიხვდებიან რომ ეს ყველაფერი მოწონთ მაშინ გააგრძელონ მეღვინეობა ხოლო ამის შემდეგ სიღრმისეულად უნდა შეისწავლონ მეღვინეობის საგნები განსაკუთრებით კი ქიმია.

I BUILT MY SITE FOR FREE USING