მე ვარ შოთა ნატროშვილი. აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის კურს დამთავრებული. საქართველოში სწავლის პერიოდში 1 წლით გავემგზავრე გერმანიაში, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში, გაცვლით პროგრამაზე ღვინის ბიზნესის განხრით. ამჟამად ვსწავლობ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა WINTOUR - ის დამამთავრებელ სემესტრში. პროგრამის ფარგლებში ვისწავლე სამ ევროპის უნივერსიტეტში - ესპანეთში, საფრანგეთსა და პორტუგალიაში. ამავდროულად, ოჯახის დახმარებით ვუძღვები მცირე მარან იბეროს, სოფელ ვაჩნაძიანში.
როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ:
ბოლო ორი წლის განმავლობაში ზემოთ ნახსენებ ქვეყნებში სწავლის პარალელურად, ზაფხულის უმეტესობა ვიმუშავე სიცილიაზე და რთველის დროს დავბრუნდი გერმანიაში. განსხვავებულის და ახლის ძიებამ კი მომიყვანა იქ სადაც ვარ, შუა ატლანტიკის ოკეანეში, ვულკანის ძირში, კუნძულ პიკოზე.
რატომ ავირჩიე ეს პროფესია:
ამ პროფესიის გარშემო მთელი ცხოვრებაა ვტრიალებ. ჩემი ოჯახი კახეთიდანაა, კერძოდ ქალაქ თელავიდან. 4-5 წლის ვიყავი, როდესაც პაპამ პირველად დაიწყო ვენახების გაშენება მუკუზანის მიკროზონაში. მთელ ზაფხულს კი პაპასთან ერთად ვატარებდი. აბიტურიენტობისას, ჩემი დროის უმეტესი ნაწილი ხატვით იყო დაკავებულ. ამიტომ ჩემი ოჯახისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო მეღვინეობაზე ჩაბარება - დავინახე, თუ რამდენად პერსპექტიული იყო ეს პროფესია და მასაც ხომ არანაკლები შემოქმედებითობა სჭირდება. 2015 წელს, საფუძველი ჩავუყარე ჩემს მცირე მარანს სოფელ ვაჩნაძიანში, რომელიც ამჟამად ჩემს დაბრუნებას ელოდება.
ჩემი მიზანია:
მსურს გავხდე დამოუკიდებელი მეწარმე და მქონდეს ჩემი საკუთარი საქმე. გარკვეულ წილად, სწორედ ამისთვის ვამზადებდი თავს ჩემი ხანგრძლივი სწავლის პერიოდში. ვცადე ამეთვისებინა ღვინის სფეროს ყველა განხრა, რადგან როდესაც გსურს მართო საკუთარი მარანი, უნდა ერკვეოდე არა მარტო ღვინის დაყენებაში, არამედ მევენახეობაშიც, მარკეტინგშიც და ტურიზმშიც.
რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე რასაც ვაკეთებ:
ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემი ოჯახია. გარკვეულწილად ჩვენი მცირე მარანიც ამ სიყვარულის გამოვლინებაა. უდიდეს თანადგომას ვგრძნობ მათგან ჩემი ცხოვრების ყოველ ეტაპზე და ის ფაქტი რომ წამითაც არ ეპარებათ ეჭვი ჩემს გადაწყვეტილებებში, მაძლევს თავდაჯერებულობას და სურვილს ვაკეთო მეტი. განსაკუთრებული სიამაყით ვივსები, როდესაც სამი თაობა ერთი მიზნისთვის ერთდროულად ვმუშაობთ მარანში.
რა აკლია ქართულ მეღვინეობას:
საკმაოდ კომპლექსური საკითხია, რომელიც შეიძლება დეტალურად განვიხილოთ ღვინის სფეროს მიმართულებების მიხედვით, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ძალიან შორს წაგვიყვანს. ზოგადად თუ შევხედავთ, მე ვყოფ ამ პრობლემებს ორ ნაწილად: ის რაც ახლა შეიძლება გადავჭრათ და ეფექტურად შევცვალოთ, კონკრეტული ადამიანების პირადი უნარებისა და ცოდნის ხარჯზე და ის რასაც არა მარტო ცოდნა და უნარი, არამედ მენტალობისა და ფასეულობების გადასხვაფერება სჭირდება. ორი სიტყვით რომ ვთქვა - თაობათა ცვლა.
ევროპაში ცხოვრებისას უფრო მარტივია უცხო თვალით შეხედო ქართული ღვინის სფეროს და გასაგები ხდება, რომ იგი პოზიციონირებას ახდენს, მხოლოდ ქვევრის ღვინის სახელით. უკეთესი იქნება თუ ოჯახური მარნები მარკეტინგში წინ წამოწევენ თავიანთ პირად ისტორიებს, ოჯახურ ამბებს და თუნდაც თავიანთ სუსტ მხარეებსაც. იქნებიან გულახდილები და უშუალოები მომხმარებელთან კომუნიკაციაში და არ ეცდებიან მოირგონ ის შეუსაბამო იმიჯი, რომელიც ღვინის მოყვარულებს არა სწორ წარმოდგენას შეუქმნის მარანზე.
ასევე საყურადღებოა, რომ ჯერ-ჯერობით ქართული ღვინო წარმოადგენს „ეგზოტიკურ პროდუქტს“ მსოფლიო ღვინის ბაზარზე და მისი ყიდვის ძირითადი მოტივაციაა, რაიმე ახლის და უცხოს გასინჯვა. შედეგად უცხოელისთვის პირველი ღვინის შეძენა საკმაოდ მარტივია, თუმცა მათთვის მეორედ ყიდვის მოტივაციის მიცემა გაცილებით რთულია. ეს პრობლემა გარკვეულწილად გამომდინარეობს ღვინის ორგანოლეპტიკური მახასიათებლებიდან. ვფიქრობ მომავალში გასათვალისწინებელი იქნება ევროპელი და ამერიკელი მყიდველის გემოვნება და ღვინის დაყენებაში ცვლილებების შეტანა. თუნდაც ჭაჭაზე ღვინის ნაკლები ხნით მაცერაცია.
რჩევები მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას:
ღვინის სფეროს აქვს მრავალი განხრა, რომელიც საქართველოში დღემდე არ არის საკმარისად ათვისებული. ღვინოსთან კავშირი მხოლოდ ღვინის დაყენებით არ შემოიფარგლება და უშუალოდ პროდუქტის გარდა არის მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დიდ გავლენას ახდენს მის რეალიზაციასა და პოპულარიზაციაზე. ამიტომ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას ვურჩევდი, რომ უფრო ფართო ჭრილში უყუროს ღვინის სფეროს და ნუ მოექცევა სტერეოტიპულ ჩარჩოებში.